ნიკა მელია – გავრილოვის განცხადებაზე: "ეს „ოცნებისთვის“ რეპრესიების გასაგრძელებლად პირდაპირი დირექტივაა"
15/02/2021 14:27:40 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადებას "ქართული ოცნებისთვის“ რეპრესიების გასაგრძელებლად პირდაპირი დირექტივად" აფასებს.
"გავრილოვის განცხადება გავრცელდა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს და 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გამოსვლას, სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს. ეს „ქართული ოცნებისთვის“, რეპრესიების გასაგრძელებად, დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და 20 ივნისის მონაწილეთა წინააღმდეგ და მათ დასასჯელად, პირდაპირი დირექტივაა. ბევრი სალაპარაკო აქ არაფერი დარჩა, წილი ნაყარია, ხაზები გავლებულია, ყველაფერი ნათელია. ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი, მეორე მხარეს დგას შეუპოვარი ქართველი ხალხის პროტესტი. „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატმა თავის თავს უნდა ჰკითხოს, რომელზეც პასუხის გაცემა მრავალი წლის განმავლობაში მოუწევთ, რომელ მხარეს დგანან, დგანან გავრილოვების მხარეს თუ დგანან ანწუხელიძეების, მერაბ კოსტავების, ჟიული შარტავების, ზვიად გამსახურდიებისა და ეროვნული ღირსების მხარეს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის: როგორც გავრილოვმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა, "საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს დიქტატურა".
"ოპოზიციისა და გადატრიალებაში მონაწილეების ერთ-ერთი მიზანია მაქსიმალურად გაართულონ საქართველოს ურთიერთობა, ეკონომიკურ, სულიერ და კულტურულ საკითხებში მის შესაძლო პარტნიორებთან, მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია და მოწყვიტონ ის მეგობრებისგან. ის სიცურე, რომელიც იღვრება მაშინდელი მოვლენების ინტერპრეტირებისას ბატონი მელიას მიერ, რომელსაც მე არ ვიცნობ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობელბის თვალში“, - განაცხადა გავრილოვმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს რუსი კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ეწვია და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. ამას მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. 1 ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 ლარით, კერძოდ, 70 000 ლარამდე. მელიამ ეს გირაო არ გადაიხადა.
პარლამენტში ხვალ საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტები ნიკა მელიასთავის იმუნიტეტის მოხსნაზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც დასკვნას პლენარულ სხდომაზე წარადგენენ. შესაძლოა, კენჭისყრა ხვალვე გაიმართოს. უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდის მელიასთვის მანდატის მოხსნას მხარს დაუჭერს.


