ნიკა მელიას ადვოკატებს პარლამენტში შესვლის საშუალებას არ აძლევენ
16/02/2021 06:09:55 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატებს – გიორგი კონდახიშვილს, დიტო საძაგლიშვილსა და ბექა ბასილაიას პარლამენტში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
"ეს არის სრულიად უკანონო აქტი, ჩვენ გვაქვს არამხოლოდ როგორც ადვოკატებს, მოქალაქეებსაც კომიტეტებზე დასწრების შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში ადვოკატების დასწრება სავალდებულოც კია, მხარე ხომ უნდა იყოს წარმოდგენილი, ვის აზრსაც მოისმენს. კი, გასაგებია, რომ წინასწარ გადაწყვიტეს პროკურატურის მიმართვამდე, რომ მელიას მოუხსნიან იმუნიტეტს და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე იციან, სასამართლომ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მაგრამ რაღაც ფორმალური წესები ხომ არსებობს?! უბრალოდ არ მესმის, რა შიშებია, როდესაც არ ეძლევათ ადვოკატებს შესაძლებლობა, კომიტეტის სხდომაზე კითხვები დასვან, ჩამოაყალიბონ მოსაზრება, რისი საშუალებაც გარანტირებულია კანონმდებლობით და ვალდებულებაც კია", -აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.
შენობასთან პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები. მათ "სირცხვილის დერეფანი" აქვთ მოწყობილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა მათი შეძახილების – "მონა" ფონზე უწევთ.
პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს არგადახდის გამო პატიმრობას ითხოვს. უწყებამ პარლამენტს ნებართვისთვის უკვე მიმართა. მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე დღეს პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები იმსჯელებენ, შემდეგ კი, საკითხს კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. უკვე ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.


