ოხანაშვილი განმარტავს, რატომ არ შეუშვეს ნიკა მელიას ადვოკატები პარლამენტში
16/02/2021 06:50:03 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატებს კომიტეტისთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ, რომ სხდომაზე დასწრება სურდათ.
"კომიტეტს არანაირი ოფიციალური განცხადება, მომართვა არ მიგვიღია ვინმეს მონაწილეობასთან დაკავშირებით, ჩვენთვის შემდგომ გახდა ცნობილი, რომ ადვოკატები აპირებდნენ დასწრებას, მგონი, მოსულებიც იყვნენ, თუმცა მომართვა ოფიციალური კომიტეტში არ შემოსულა გუშინ, რომ ვინმეს ჰქონდა დასწრების სურვილი.
მეორე – დღეს, ჩვენ კომიტეტზე უნდა განვიხილოთ არა ნიკანორ მელიას დამნაშავეობის საკითხი, არამედ უნდა განვიხილოთ საკითხი, ამ პირმა, დაარღვია თუ არა საქართველოს კანონმდებლობა, როდესაც მან უარი თქვა დაკისრებული გამკაცრებული გირაოს გადახდაზე, არის თუ არა საფუძვლიანი ამ პირობაზე დაყრდნობით გენერალური პროკურორის შუამდგომლობა. ეს უნდა განვიხილოთ. ჩვენ არ ვართ სასამართლო, ჩვენ არ გვევალება და არ გვაქვს უფლება შევიდეთ ისეთი სამართლებრივ საკითხებში და მასალების გაცნობაში, რაც სასამართლოს პრეროგატივაა.
ველოდები და მოვუწოდებ ოპოზიციონერ კოლეგებს, რომელმაც ხალხის მანდატით მიიღეს კონკრეტული წარმომადგენლობის უფლება, მობრძანდნენ, თუ აქვთ შეკითხვა, პარლამენტის წევრებმა ერთად დავსვათ კითხვები, რაც გვაინტერესებს. ეს ვერ იქნება სასამართლო პროცესი, მე მათ მოვუწოდებ, თუნდაც, ნიკანორ მელიას, მობრძანდეს თუ რამე აინტერესებს კომიტეტის ფარგლებში დავსვათ“, - აცხადებს ოხანაშვილი.
პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტები გაერთიანებულ სხდომაზე ამ წუთებში მსჯელობენ. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან აქტივისტების საპროტესტო აქცია იმართება.
სხდომაზე რა დაუშვეს მელიას ადვოკატები. უკვე ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.
ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში პროკურატურას საშუალება ექნება, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.


