ხუნდაძე - ქობულეთში დაღუპულ 14 წლის გოგოზე: "უპირატესია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა"
16/02/2021 11:00:02 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ქობულეთში დაღუპული 14 წლის გოგოს გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა კოლექტიურია, ეკიზრება მათ შორის სკოლას, საზოგადოებას, თუმცა პასუხისმგებლობის ყველაზე დიდი წილი სახელმწიფოზეა.
„არის საკითხები, რომელსაც არ შეიძლება, რომ არ გამოვეხმაურო. უმთავრესად მინდა გამოვეხმაურო ქობულეთში გარდაცვლილი ბავშვის ტრაგიკულ დასასრულს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საზოგადოებაში, საკუთარ ოჯახში ბავშვი ძალადობის მსხვერპლი ხდება. რა თქმა უნდა, აქ არის ყველას პასუხისმგებლობა, უპირატესია რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და როდესაც ასეთი ფაქტი ხდება, ფაქტია, რომ რაღაც დავაკელით და არ გავაკეთეთ ისე, რასაც უნდა ვაკეთებდით. ვფიქრობ, ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა – სკოლამაც, საზოგადოებამაც, მაგრამ, რა თქმა უნდა, უპირატესია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა", – განაცხადა ხუნდაძემ.
რამდენიმე დღის წინ ქობულეთში 14 წლის გოგომ სავარაუდოდ, თავი მოიკლა. ოჯახის ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა მასზე ძალადობა. გოგოს დაღუპვიდან მალევე 23 წლის მამაკაცი დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 140-ე და 115 მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში და თვითმკვლელობამდე მიყვანას. სავარაუდო დანაშაულის შესახებ პოლიციამ გოგოს გარდაცვალებამდეც იცოდა, რადგან დანიშნული იყო ექსპერტიზა. გუშინ ამ საქმეზე პოლიციამ დაღუპული გოგოს ბაბუა მუქარისა და ძალადობის ბრალდებით დააკავა.


