ოხანაშვილი – ელისაშვილს: "უხერხულია, ქალბატონ თეა წულუკიანზე იმ ტონში საუბარი და იმაზე საყვედური, რაზეც თქვენ პრეტენზიას გამოთქვამთ"
16/02/2021 11:30:44 პოლიტიკა
"უხერხულია, ქალბატონ თეა წულუკიანზე იმ ტონში საუბარი და იმაზე საყვედური, რაზეც თქვენ პრეტენზიას გამოთქვამთ", – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილს მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ყოფილი იუსტიციის მინისტრი გააკრიტიკა.
"არ შეიძლება, არ გამოვეხმაურო ალეკო ელისაშვილის შენიშნვას ქალბატონ თეა წულუკიანთან მიმართებაში. ბატონო ალეკო, სულ მცირე, უხერხულია, როდესაც ქალბატონი თეა არ ესწრება სხდომას მასზე საუბრობთ – ეს ერთი; მეორე – უხერხულია, იმ ტონში საუბარი და იმაზე საყვედური რაზეც თქვენ პრეტენზიას გამოთქვამთ. რა თქმა უნდა, ჩემი დასაცავი ქალბატონ თეას არაფერი არ აქვს. თქვენ ახსენეთ სასამართლო და სტატისტიკა თეა წულუკიანთან მიმართებაში. საილუსტრაციოდ სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვიანობის სტატისტიკას მოგიყვანთ... 2011 წელს საქართველოდან წარდგენილი იყო 395 საჩივარი შესაძლო უფლებების დარღვევაზე, 2012 წელს – 367; 2019 წელს –130; ეს არის სხვაობა მაშინდელ და ახლანდელ სასამართლოს შორის. რაც შეეხება სასამართლოს რეფორმას, მეოთხე ტალღას რომ შევეხოთ, ეს აშშ–ისა და ევროკავშირის მხრიდან შეფასდა როგორც მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი", – განაცხადა ოხანაშვილმა.
მანამდე ელისაშვილი უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკრიტიკა:
"რომელიმე პერსონასთან მიმართებაში ვინმეს შეიძლება განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს, მაგრამ ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარების მხრივ ამდენი საქართველოს ისტორიის მანძილზე არ გაკეთებულა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისთვის, რაც გაკეთდა ბოლო რამდენიმე წლის დროს. ამდენად, ხელები შორს იმ რეფორმებთან მიმართებაში, რომელიც რეალურად განხორციელდა და რითაც მივიღეთ ის, რასაც უკეთესი მართლმსაჯულება ჰქვია".
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მას "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე მეტად, სამართლიანობის კუთხით იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი "ეიმედებოდა", თუმცა შედეგად "სამარცხვინო მართლმსაჯულება" მიიღეს.


