„ცუდად დადგმული სპექტაკლია, რომელსაც შეიძლება, მსხვერპლი მოჰყვეს“
16/02/2021 15:58:51 პოლიტიკა
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი ენმ–ის თავმჯდომარე პარლამენტის მიერ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას კონსტრუქციული დიალოგისთ შესაძლებლობის აღკვეთად აფასებს.
ალექსანდრე რაქვიაშვილისთვის გაუგებარია, მმართველ პარტიას მსგავსი პროცესები რატომ დასჭირდა, მით უფრო, რომ ხელისუფლება-ოპოზიციის დისკუსიაში წაგებულის პოზიციაზე ოპოზიცია იყო. ამ კონტექსტში რაქვიაშვილი მელიას მიმართ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ და ტაქტიკურ შეცდომად აფასებს და მისთვის რთულია პროგნოზირება.
„ჩვენ არ დავიკავებთ არცერთ მხარეს, საბოლოო ჯამში, ორივე მხარე იქცევა ისე, რომ ჩხუბი შედგეს, ჩვენ არ გვჯერა, რომ ოპოზიცია გადარჩება თუ ჩხუბი იქნება მთავარი ტაქტიკა. ჩვენ არ ვიქნებით იმ მხარეს, რომელიც პოლიტიკურ რეპრესიებს იწყებს და გასაგებია, რომ ეს საქმე არის პოლიტიკური და ნიკა მელია არის საბოლოო ჯანში მორალურად სწორი და მართალი და არ გამოვრიცხავ, რომ აღმოვჩნდე მელიას დასაცავ მიტინგზე.აქედან ენმ-ის ოფისში არ მივალ.
ამ მომენტისთვის, არის ძალიან ცუდად დადგმული სპექტაკლი, რომელსაც შეიძლება, ადამიანის მსხვერპლი მოჰყვეს და მე არ მინდა, რომ ამ შემთხვევაში გავერიო. "ქართულმა ოცნებამ" შექმნა პირობა, რომ ენმ-ს გაუჩნდეს ინსტრუმენტი ამ ბრძოლაში და ენმ-მ ეს გამოიყენა. ამ მომენტიდან, ისეთი ნაბიჯებია გადადგმული, რომ უკანდახევა ძალიან რთულია, თუ რომელიმეს ეყოფა ადეკვატურობა და არ გადავა რაღაც ზღვარს, შეიძლება დასრულდეს სრულიად მშვიდობიანად,"- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ის ფიქრობს, რომ მოვლენების ფიზიკურ დაპირისპირებაში გადასვლის შემთხვევაში რისკის ქვეშ აქტივისტები დადგებიან:
"რევოლუციები არ იგეგმება და ძალიან იშვიათია, რომ რევოლუციას შეიძლება პროგნოზირება გაუკეთო. მაგრამ რისი პროგნოზირებაც შეიძლება, თუ ეს მართლა გადავა ფიზიკურ დაპირისპირებაში, არაერთი პოლიტიკური აქტივისტი შეიძლება, იყოს დაზიანებული და აღმოჩნდეს ციხეში. ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან პოლიტიკური აქტივისტები, რომლებიც შეიძლება, აღმოჩნდნენ წინა პლანზე. პოლიტიკოსები იქნებიან პირველ დღეს, როცა კამერები იქნება ჩართული. მე ამას ვუყურებ როგორც ძალიან ცუდ თამაშს და მიკვირს, რატომ ვერ ხვდება "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება", რომ ყველა წავაგებთ. მე იმედი მრჩება, რომ რომელიმე მხარე გაჩერდება".
ცნობისთვის: 88 დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა, რითაც პროკურატურას სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა მისცა. თავის მხრივ პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.


