"ძალიან ცუდი საუბარი მქონდა“ – მელია „ოცნების“ დეპუტატთან კომუნიკაციას იხსენებს
16/02/2021 20:12:29 პოლიტიკა
ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ 15 თებერვალს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მოქმედი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე შეეხმიანა და შეხვედრას სთხოვდა.
როგორც მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა, ჩიგოგიძემ უთხრა, რომ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის ჩეწყვეტას მხარს არ დაუჭერდა:
"ძალიან ცუდი საუბარი მქონდა: ვუთხარი, „შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, ხვალ ჩატარდება კენჭისყრა, იქნება შენი ხმა დაფიქსირებული ჩემი დაჭერის სასარგებლოდ და დანარჩენს მერე მოგახსენებ-მეთქი“, ვუთხარი, „არ იქნება ასე და დაგირეკავ, მე თვითონ გნახავ-თქო“. ექვსჯერ დამირეკა და დღეს ისეთი მისცა ხმა, მე მგონი, ის ღილაკიც ჩაამტვრია.
ეს იყო ვასილ ჩიგოგიძე. ადამიანი, რომელსაც რომ ჰკითხო, ღირსეული ადამიანია. გუშინ მეუბნება, „მე თითს არ მივაჭერო და დაგიმტკიცებ, რომ მართალი ვარო“. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ვიფიქრე, ეს ადამიანი შეიძლება, გააკეთებს ამას და ვაპირებდი კიდეც საჯაროდ იმის თქმას, რომ „ყოჩაღ ვასილ ჩიგოგიძეს, რომ თითი არ მიაჭირა–მეთქი“, მაგრამ კი ვნახეთ, რა გააკეთა", - ჰყვება მელია.
ვასილ ჩიგოგიძე ადასტურებს, რომ მან ნიკა მელიას მართლაც დაურეკა, თუმცა სხვა თემაზე. მისი თქმით, საუბარი ეხებოდა ნიკა მელიას ერთ-ერთნ ინტერვიუს, სადაც მას ახსენებდა.
"როგორ შეიძლებოდა, მე დამერეკა მელიასთვის? „ნიკა, მე შენი იმუნიტეტის მოხსნაზე არ დავჭერ ხელს-მეთქი“. გუშინწინ იყო გვარამიას გადაცემაში სტუმრად. იქ გააკეთა განცხადება, რომ „ვასიკო ჩიგოგიძე არის ასეთი დეპუტატი „ოცნებიდან“, რომელიც გურიაშიაო, არ ჩამოდის იმიტომ, რომ არ მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობაო. შემდეგ მომმართა, რომ დარწმუნებულია ჩემს ვაჟკაცობაში... ეს რომ ვნახე განვცვიფრდი, ტელეფონის ნომერი დავადგინე, დავურეკე, არ მიპასუხა.[...]
მესიჯი მივწერე, "მე ვაჟკაცად გიცნობ-მეთქი". დამირეკა და მითხრა, „არ მინდა საუბარიო“, დამიწყო გავრილოვის მხარდაჭერობაზე უაზრო ყვირილი. ვუთხარი, „რას მომმართავ ტელევიზიიდან? რა მაქვს დასამალი-მეთქი?“. არ მაცადა საუბარი და გათიშა ტელეფონი. ეს იყო, მეტი არაფერი", - ყვება ჩიგოგიძე „ფორმულასთან“.
ცნობისთვის: 88 დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა, რითაც პროკურატურას სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა მისცა. თავის მხრივ პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
1 ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.


