ნიკა მელიამ ღამე პარტიის ოფისში გაათენა
17/02/2021 05:46:39 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ღამე პარტიის ოფისში გაათენა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრობის“ ლიდერებიც.
სასამართლო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
ცნობისთვის: 88 დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა, რითაც პროკურატურას სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა მისცა. თავის მხრივ პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
1 ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.


