ჰარცელი - მელიას საქმეზე: "პოლიტიკურ ლანდშაფტზე ექნება ფართო გავლენა, რაც შეუძლებელს გახდის საერთო ენის გამონახვას და საერთო გამოსავლის პოვნას"
17/02/2021 10:32:21 პოლიტიკა
"ვხედავ რისკს, რომ მოვლენების არსებული განვითარებით ჩვენ შევალთ უფრო მეტ განხეთქილებაში", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.
„თვითონ იურიდიულ ნაწილზე კომენტარს არ გავაკეთებ. ეს არის მიმდინარე საკითხი და ყველას მხრიდან პროცესისადმი პატივისცემა უნდა იყოს გამომჟღავნებული. ვხედავ რისკს, რომ მოვლენების არსებული განვითარებით, ჩვენ შევალთ უფრო მეტ განხეთქილებაში. ვშიშობ, რომ ამ შემთხვევას პოლიტიკურ ლანდშაფტზე ექნება უფრო ფართო გავლენა, რაც შეუძლებელს გახდის საერთო ენის გამონახვას და საერთო გამოსავლის პოვნას. რაც შეეხება არსებული სიტუაციის შემადგენლებს, რამდენიმე ხაზგასასმელი არგუმენტია. ამ შემთხვევაში ორი საკითხი მინდა, წინ წამოვწიო, ერთია სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობისა და უპატივცემლობის ფაქტორი და მეორე პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. ეს ორი ფაქტორი ერთად დამანგრეველი კომბინაციაა. ვფიქრობ, რომ ეს საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიისთვის სახიფათო ტრაექტორიაა. მოვუწოდებ მხარეებს, რომ გააკეთონ განცხადებები, გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ უფრო მეტად არ გამწვავდეს არსებული ვითარება“, -განაცხადა ჰარცელმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 17 თებერვალს, 16:00 საათზე გაიმართება. სასამართლო ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით გუშინ, 16 თებერვალს მიმართა.
როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, პროკურატურა მელიას მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, ვინაიდან ეს პროპორციული ღონისძიებაა.
ცნობისთვის: 88 დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა, რითაც პროკურატურას სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა მისცა.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
1 ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.


