თურნავა ბიზნესასოციაციების მოთხოვნებს "გასაკვირს" უწოდებს და სარესტორნო ინდუსტრიაში ახალი რეგულაციების შემოღებაზე მიუთითებს
17/02/2021 11:37:00 პოლიტიკა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესმენების მოთხოვნებს "კომენდანტის საათის" 23:00 საათამდე გადაწევასა და სავაჭრო ობიექტებს შაბათ-კვირას მუშაობის უფლების თაობაზე "გასაკვირს"უწოდებს. ამასთან, იგი სარესტორნო ინდუსტრიაში ახალი რეგულაციების შემოღებაზე მიუთითებს.
"პრაქტიკულად, არც ერთი კვირა თებერვლის ისე არ გასულა, რომ არ ყოფილიყო დაკავშირებული რომელიმე რეგულაციის შემსუბუქებასთან და რომელიმე დარგის გახსნასთან. ჩვენ მაქსიმალურად რაც გვქონდა დაგეგმილი და რაც შევძელით დღეის მდგომარეობით, გავხსენით ძალიან დიდი ბიზნესსფეროები და ბიზნესსაქმიანობები. რასაკვირველია, ბუნებრივია, რომ გარკვეული პაუზა გვაქვს აღებული, რათა გადავხედოთ, თუ როგორ იმოქმედებს ეს საკმაოდ მასშტაბური გახსნები ეპიდემიოლოგიურად და შემდეგ შევძლოთ ასევე ეტაპობრივად, ფრთხილად, ყველა პროტოკოლის დაცვით ვიაროთ წინ. ამას ვაკეთებთ მაშინ, როდესაც ევროპა ემზადება მესამე ტალღისთვის და პირიქით, ჩვენ გვესმის ინფორმაცია უფრო მეტი გამკაცრების შესახებ. კორონავირუსიც არ დამარცხებულა, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია მალე დაიწყება საქართველოში და დაწყებულია მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, ცოტა არ იყოს გამიკვირდა, როდესაც მოვისმინე, რომ ბიზნეს ასოციაციები და განსაკუთრებით ტურისტული ინდუსტრია და სარესტორნო ინდუსტრია ასეთ რადიკალურ მოთხოვნებს უყენებს მთავრობას. ეს მაშინ, როდესაც წინასწარ გვქონდა ჩვენ შეთანხმებული და სულ რამდენიმე საათში ჩემთან შედგება შეხვედრა სარესტორნო ინდუსტრიისა და მათი გაერთიანებების, სადაც ჩვენ შრომის ინსპექცია გვყავს მოწვეული. წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგით ვაპირებთ, ვისაუბროთ უფრო სამუშაო ტექნიკურ დეტალებზე. მაგალითად, თუ რა ახალი რეგულაციები შეიძლება იყოს შემოღებული სარესტორნო ინდუსტრიაში იმისთვის, რომ შემდეგ საბჭოს დავუყენოთ საკითხი და ვურჩიოთ, შევძლოთ, გავხსნათ შიდა სივრცეებიც", – აცხადებს თურნავა.
მინისტრის თქმით, რამდენიმე საათში სარესტორნო ინდუსტრიისა და მათი გაერთიანებების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. როგორც მან აღნიშნა, ულტიმატუმის ენით საუბარი ამ დიალოგის ინტერესებისთვის ხელსაყრელი არ არის:
"ახლა საკმაოდ ულტიმატუმის ტონით დგება ეს ახალი მოთხოვნები, რაც არამგონია, ემსახურებოდეს ამ დიალოგის ინტერესებს. არ ვიცით, ზოგადად, ვის ინტერესებს ემსახურება, რადგან ნამდვილად არ აკლია კერძო სექტორს, განსაკუთრებით ტურისტულ ბიზნესს კომუნიკაცია. კვირა არ გავა ისე, რომ ან მე, ჩემს მოადგილეებს, ან ტურიზმის ადმინისტრაციას არ ჰქონდეს ამ დიდი ინდუსტრიის რომელიმე სეგმენტთან შეხვედრა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს მიდგომა არასწორია, არაპროდუქტიულია. ზოგადად, ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა არა მარტო ერთ რომელიმე კონკრეტულ ინდუსტრიაზე, მაგალითად, სარესტორნო ინდუსტრიაზე, არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობაზე".
ბიზნესი „კომენდანტის საათის“ ორი საათით გადაწევას და შაბათ-კვირას მუშაობის ნებართვას ითხოვს, - ამის შესახებ 10 ბიზნესასოციაციის მიმართვაშია აღნიშნული, რომლითაც ასოციაციები პრემიერ-მინისტრსა და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიმართავენ.


