Accentnews.ge
ოპოზიცია: "ვერც მელიას და ვერც თითოეულ ჩვენგანს ვერ დაგვჩაგრავენ. პროტესტს გავაგრძელებთ"

ოპოზიცია: "ვერც მელიას და ვერც თითოეულ ჩვენგანს ვერ დაგვჩაგრავენ. პროტესტს გავაგრძელებთ"

17/02/2021 19:30:08 პოლიტიკა

ოპოზიცია ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების ფაქტს უსამართლობას უწოდებენ და ვერდიქტს "ოპოზიციის დაპატიმრების ტოლფასად" აფასებენ.

„სამწუხაროდ, ხელისუფლებამ კონფრონტაციის, დაპირისპირების გაღრმავების გზა აირჩია. ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება არის დაპატიმრება ოპოზიციის შესახებ. ეს არის ტოლფასი ოპოზიციის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვუპირისპირებთ სრულ სოლიდარობას, სიმშვიდეს. ჩვენს ხელში ყველაზე დიდი ძალა და იარაღი არის სიმართლე და ზრუნვა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის. ეს არის ისეთი იარაღი, რომელიც ყველაფერს დაამარცხებს და წინ აღუდგება ყველა ძალისმიერ მეთოდს ჩვენს წინააღმდეგ. ამიტომ, ამ პოზიციაში ჩვენ ერთიანი ვართ. სიმშვიდე, სრული სოლიდარობა და ზრუნვა იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ასეთი ტიპის მმართველობა დასრულდეს. მგონია, რომ ეს ამ თვალსაზრისით ისტორიული დღეა იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ერთად დავინახეთ, ხელისუფლება ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია. მას მიაჩნია, რომ ძალისმიერი მეთოდით შეიძლება დათრგუნო თავისუფალი სული, რაც ასე არ არის. ისინი დაინახავენ საპასუხო რეაქციას, რომელიც იქნება მშვიდი, მშვიდობიანი და სრული სოლიდარობა“,-განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ "არის მცდელობა ნიკა მელია უსამართლოდ დაჩაგრონ":

„დღეს, არის მცდელობა, რომ უსამართლოდ დაჩაგრონ ადამიანი, მაგრამ ხედავთ, ის არ არის დაჩაგრული, ვერ დაჩაგრავენ ვერც მას და ვერც თითოეულ ჩვენგანს, მონებად ვერ გვაქცევენ. დღეს საქართველოში არ შეიძლება ადამიანი იყოს ნეიტრალური. ან უნდა იყოს სიმართლის მხარეს, ან უნდა იყო მონა. დღეს ან უნდა იყო „ქართლი ოცნების“ მხარეს, ან სრულიად ოპოზიციის და სიმართლის მხარეს. დღეს, დიახ, ეს არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ ვიხილეთ მონური პარლამენტი, გვყავს მონა პრეზიდენტი, სასამართლო მონური ერთგულებით და მორჩილებით, პროკურატურა მონური მორჩილებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი მონობას არ შეეგუება“.

მისივე თქმით, ოპოზიცია პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გააგრძელებს:

„არ გაბედოს ხელისუფლებამ, ძალისმიერი მეთოდის გამოყენება, მსოფლიო ისტორიაში შევა, როგორც ბარბაროსი ხელისუფლება. ჯერ არ ყოფილა ისტორიაში, რომ გირაოს გადაუხდელობის გამო, პარტიული ოფისი დაერბიათ და პარტიის ლიდერი ძალადობრივად აეყვანათ, ან მცდელობა ჰქონოდათ ძალადობრივად აყვანის. ჩვენ მშვიდობიანად ვართ აქ, განწყობილნი ვართ, რომ მშვიდობიანი პროტესტი გავაგრძელოთ, რათა უსამართლობა არ დავუშვათ. ნებისმიერი უკანონობა ხელისუფლების მხრიდან ამ ხელისუფლების დასასრულს მათთვის კატასტროფულად სწრაფად, კოსმოსური სისწრაფით და ბგერის სისწრაფეზე უფრო სწრაფად დაასრულებს".

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, დღევანდელი დღეს ახალი ეროვნული მოძრაობა იბადება:

"მეგობრებო, დღევანდელი დღე არ არის ნიკა მელიას დასასრული. ჩვენს თვალწინ ახალი ეროვნული მოძრაობა იბადება. სამწუხაროდ, იბადება ბრძოლით, იბადება შრომით, დაპირისპირებაში, მაგრამ იბადება იმიტომ, რომ მთავარი, რაც საქართველოს რეგიონის ქვეყნებისგან გამოარჩევს, არის თავისუფალი ხალხის თავისუფლების სიყვარული".

პარტია „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ "მელიას მიმართ პატიმრობის შეფარდება ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა":

„ეჭვი არ მეპარება, რომ ივანიშვილმა უკვე უპატაკა გავრილოვს ის საჩუქარი, რომელიც სპეციალურად მისთვის მომზადდა - ნიკა მელიას დაპატიმრების ვერდიქტი... ჩვენ არ ვართ პარტიული ჭრილით გაერთიანებულები, ნიკა მელიასთან მიმართებაში ეს ერთობა გასცდა ყოველგვარ ჩარჩოებს. ნიკა მელია გახდა თავისუფლების სიმბოლო და ჩვენ ამ თავისუფლებას ივანიშვილს არ დავანებებთ, გამორიცხულია! რა ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ მისი მხრიდან ჩვენზე გადავლა, როდესაც დავუთმეთ მას და ამ დათმობას აღარ ვაპირებთ“.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დაპირისპირებისკენ და ესკალაციისკენ:

"თუ ისინი გადამეტებულ ძალას გამოიყენებენ, ესეც მათ სახეს უჩვენებს. მშვიდობიანად, არაძალადობრივად ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას, მაგრამ ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული. მე იმედი მაქვს, ამ უკანონობას გადამეტებულ ძალას არ დაამატებს ზემოდან „ქართული ოცნება“ და არ დაიწყებს ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშვიდობიან ადამიანებთან“,-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით ნიკა მელიასთვის გირაოს ნაცვლად, პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S