"დესტაბილიზაციის დამგეგმავ ძალას არ უნდა მივცეთ საშუალება, პროვოკაციაში ჩაგვითრიონ"
17/02/2021 20:32:05 პოლიტიკა
"დესტაბილიზაციის დამგეგმავ ძალას არ უნდა მივცეთ საშუალება, პროვოკაციაში ჩაგვითრიონ", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულება ზედმიწევნით ზუსტად და ადამიანის უფლებების დაცვით უნდა მოხდეს.
„ჩვენ ვერასდროს დავემსგავსებით „ნაცმოძრაობას“ და ვერასდროს დავემსგავსებით იმათ, ვითომ ვისაც ებრძვიან, ოკუპანტ ძალას. ჩვენ ნებისმიერ საკითხზე, სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება თუ სხვა გადაწყვეტილება, რომელიც აღსასრულებლად სავალდებულოა კონკრეტული სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ვერ ვიმოქმედებთ ისე, რომ არ დავიცვათ ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ვიცით, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილია იმისათვის, რომ მოხდეს უკიდურესი პროვოკაცია. მაქსიმალურად უზრუნველყონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ნებისმიერი, ამ თუ სხვა გადაწყვეტილების აღსრულების დროს ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვა, მაქსიმალურად უზრუნველყონ პროვოკაციების თავიდან არიდება. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ჩვენი მორალური და კანონისმიერი ვალდებულება და ასევე, ეს არის „ნაცმოძრაობის“ გეგმის ნაწილი. ერთია მორალური და კანონიერი მხარე და მეორეა, რომ ჩვენ დესტრუქციულ და დესტაბილიზაციის დამგეგმავ ძალას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩაგვითრიონ პროვოკაციაში. ამიტომ, ყველა გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს ზედმიწევნით ზუსტად და ადამიანის უფლებების დაცვით“,- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით ნიკა მელიასთვის გირაოს ნაცვლად, პატიმრობის შეფარდების თაობაზე.


