Accentnews.ge
სააკაშვილი და უგულავა სპეცრაზმელებს ვინაობის გასაჯაროებით ემუქრებიან

სააკაშვილი და უგულავა სპეცრაზმელებს ვინაობის გასაჯაროებით ემუქრებიან

17/02/2021 21:21:30 პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სპეცრაზმელებს ვინაობის გასაჯაროებით ემუქრებიან.

როგორც სააკაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების ფაქტი მოწმობს, რომ ყველა ბიძინა ივანიშვილს ემსახურება" და არა ქვეყანას.

"ახლა ერთადერთი გზა არის ძალმომრეობის შეკავება, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა ვიმუშაოთ ყველასთან, პოლიციასთან, სპეცრაზმთან, აპარატის შიგნით ხალხთან. უკაცრავად, ამ სპეცრაზმელებს დედები და მამები არ ჰყავთ? ყველასთან უნდა მივიდეთ, დედასთან, მამასთან, აუწიონ ყური და სახლში მიიყვანონ თავისი შვილები. ისინი ხომ ემსახურებიან საქართველოს დანგრევას და განადგურებას?! ისინი არა მხოლოდ საქართველოს აღარ იცავენ უკვე, მათი ლოზუნგი „ვემსახურებით საქართველოს“ უკვე სასაცილოდაც ჟღერს. ისინი ანგრევენ, ანადგურებენ საქართველოს და ემსახურებიან მხოლოდ ერთს - „გაზპრომის“ მთავარ აქციონერ-ივანიშვილს. უნდა ველაპარაკოთ მათ დედებს, მამებს, მასწავლებლებს. უნდა მივიდეთ მათ სახლებში, თითოეულის მისამართი უნდა იყოს ცნობილი. ახლა უკვე ვმუშაობთ, რომ თითოეულის მისამართი გამოვაქვეყნოთ. ყველასთან უნდა ვიმუშაოთ და ვილაპარაკოთ“.

მოგვიანებით, უგულავამ განაცხადა, რომ "სპეცრაზმელების სახელების, გვარებისა და კოორდინატების გაგება არ გაუჭირდება".

„მინდა მივმართო, სპეცრაზმელებს, რომლებიც ხუთი წუთის სავალზე, პეპელას დასახლებაში ყაზარმულ მდგომარეობაში არიან. მეგობრებო, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, ეგ ყაზარმა ჩვენ გავხსენით თავის დროზე, გახსნაზეც ვიყავი და ბევრ თქვენგანთან ერთად გვისადილია კიდეც. არანაირი ინდულგენცია არ იქნება და ნუ გგონიათ, რომ ჩაფხუტი დაგიცავთ. კარგად იცით, რომ თქვენი სახელების, გვარების და კოორდინატების გაგება არ გაგვიჭირდება. ყველა ბოძზე იქნება მათი სახელები და გვარები, ვინც მშვიდობიანი მოქალაქეზე აღმართავს ხელს, ყველა სოციალური ქსელი გადაჭედილი იქნება, ისე, რომ მათი ოჯახის წევრებს შერცხვეთ, მათ შვილებს შერცხვეთ, რომ ჰყავთ მამა, რომელიც მოვა და აქ უსუსურ ადამიანებს თავში ჩაარტყამს. მათ მშობლებს უნდა შერცხვეთ“, – განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით ნიკა მელიასთვის გირაოს ნაცვლად, პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S