Accentnews.ge
ენმ–ის ოფისში ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები რჩებიან: "თუ ხელისუფლება გვიბიძგებს, აღმოვჩნდეთ კუთხეში, ბუნებრივია, თავს დავიცავთ"

ენმ–ის ოფისში ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები რჩებიან: "თუ ხელისუფლება გვიბიძგებს, აღმოვჩნდეთ კუთხეში, ბუნებრივია, თავს დავიცავთ"

17/02/2021 22:00:44 პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში დარჩენას მთელი ღამის განმავლობაში აპირებენ.

მათი თქმით, ისინი სამართალდამცველებს ენმ–ის ლიდერ ნიკა მელიას დაკავების უფლებას არ მისცემენ.

პარტია „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ "თუ ხელისუფლება მათ უბიძგებთ, აღმოჩნდნენ კუთხეში, ისინი თავს დაიცავენ".

"თუ ხელისუფლების მხრიდან იქნება ისეთი ნაბიჯები გადადგმული, რომლებიც გვიბიძგებს ჩვენ, რომ აღმოვჩნდეთ ჩიხში, კუთხეში და თავი დავიცვათ, ბუნებრივია, ჩვენ თავს დავიცავთ. არ ვართ ჩვენ მოწადინებული იმისათვის, რომ ხელისუფლება აღმოჩნდეს რთულ ვითარებაში. ხელისუფლებამ თავად ჩაიყენა თავი რთულ ვითარებაში. ეს არის ჩიხი მათთვის. ივანიშვილმა კეთილი ინებოს და თვითონვე მოძებნოს ამ ჩიხიდან გამოსავალი ისე, რომ ქვეყანა არ დაზარალდეს. თუ იქნება მისი მხრიდან გადადგმული ადეკვატური ნაბიჯი, ძალიან კარგი. თუ არ იქნება, ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის", – განაცხადა ოქრუაშვილმა.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის საბა ბუაძის განცხადებით, პარტიის წარმომადგენლები “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში დარჩენას გეგმავენ და მშვიდობიანი ფორმით აპირებენ პროტესტის გაგრძელებას:

"ახლა მზარდი მშვიდობიანი პროტესტის საჭიროება ძალიან დიდია, ამიტომ ყველანაირად ვეცდებით, რომ დავრჩეთ ამ მშვიდობიანი პროტესტის ავანგარდში”.

ცნობისთვის: 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით ნიკა მელიასთვის გირაოს ნაცვლად, პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S