ჯაფარიძე – ხელისუფლებაზე: "ყველაფერია გასაკეთებელი, რომ ეს ხალხი ჩამოსცილდეს ქვეყანას"
17/02/2021 22:47:34 პოლიტიკა
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე ენმ–ის ლიდერ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "თუ "ქართულ ოცნებას" ეს შერჩა, ქვეყანა ჭაობში ჩაიძირება".
"აქ დღეს არიან ოპოზიცური პარტიების ისეთი ლიდერები, მე როცა ვიყავი ენმ–ში (6–7 წლის წინ) მკვდარს და ცოცხალს მაგინებდნენ "ნაციონალურ მოძრაობაში" რატომ მიხვედიო. მგონია, ეს ხალხი იმიტომ არის აქ, რომ ყველას რაღაცის შიში აქვს. ქვეყანაში, სადაც ცარიელ ადგილზე შეიძლება, დააკავონ ყველაზე მსხვილი ოპოზიცური პარტიის თავმჯდომარე თანაც იმ საქმეზე, რომელშიც ხელისუფლება თავად არის დამნაშავე, არავინ არის დაცული. არა მარტო პოლიტიკური ლიდერის არამედ ყველა მოქალაქის გასააზრებელია ის, რომ ასეთ რეალობაში ცხოვრება ძალიან საშიშია. მე მაქვს განცდა, რომ ან ამ რეალობას ცვლი, ან ეგუები და როგორც მონა ისე აგრძელებ ცხოვრებას, ან უნდა გაიქცე ამ ქვეყნიდან სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. თუ "ოცნებას" ეს გაუვიდა, შერჩათ და შეინარჩუნეს ძალაუფლებას და გააგრძელეს მართვა ისე, როგორც ამას უკანასკნელი წლების განმავლობაში აკეთებდენენ, ჩვენ ალბათ, ღრმად ჩავიძირებით ჭაობში. ყველაფერია გასაკეთებელი, რომ ეს ხალხი ჩამოსცილდეს ქვეყანას, სხვა შანსი არც ჩვენ და არც ქვეყანას არ აქვს", – განაცხადა ენმ–ის ოფისში მყოფმა ჯაფარიძემ.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში დარჩენას მთელი ღამის განმავლობაში აპირებენ. მათი თქმით, ისინი სამართალდამცველებს ენმ–ის ლიდერ ნიკა მელიას დაკავების უფლებას არ მისცემენ.
ცნობისთვის: 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით ნიკა მელიასთვის გირაოს ნაცვლად, პატიმრობის შეფარდების თაობაზე.


