"გახარიამ ხელისუფლება აბსოლუტური ჩამოქცევისგან, ქვეყანა კი უმძიმესი კრიზისისგან გადაარჩინა"
18/02/2021 08:33:03 პოლიტიკა
გახარიამ გადაარჩინა ხელისუფლება აბსოლუტური ჩამოქცევისგან და ქვეყანა უმძიმესი კრიზისისგან,– ასე ეხმიანება ერთ–ერთი ოპოზიციონერი ლიდერი ნინო ბურჯანაძე გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, გიორგი გახარიამ საკუთარი რეპუტაციაც იხსნა.
„სამწუხაროა, რომ როგორც ჩანს, ერთადერთი გონიერი ადამიანი იყო გუნდში და ისიც აღარ დარჩა „ქართულ ოცნებას“. გაუაზრებელმა გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო მძიმე კრიზისში შეიყვანა ქვეყანა და გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რაც გუშინ და აბსოლუტურად ჩამოიქცევა ხელისუფლება, ქვეყანა კი უმძიმეს კრიზისში შევა“,– განაცხადა ბურჯანაძემ და იქვე დასძინა, რომ დიალოგის წინააღმდეგი არაა, თუმცა ფიქრობს, რომ ოპოზიციამ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისთვის მზადება უნდა განაგრძოს.
ცნობისთვის: ოპოზიციას აქციები 25 თებერვლისთვის და 31 მარტისთვის ჰქონდა დაანონსებული.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა, შსს–მ კი ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადადო. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებისთვის სივრცე გაჩნდა და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებენ. „ქართულ ოცნებაში“ ამ წინადადებისთვის არ უპასუხიათ.


