ელისაშვილი – "ოცნებას": "სააკაშვილს ეხმარებით დაბრუნებაში, რომ დაგვიჭიროს, ძვლებში დაგვამტვრიოს. როგორც ჩანს, ეს გინდათ"
18/02/2021 10:40:54 პოლიტიკა
პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლებას მიმართა, რომ ისინი ექს–პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნებაში ეხმარებიან, რათა შემდეგ "ყველა დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს".
"ზუსტად 2 დღის წინ, ამ დარბაზში, "ქართულ ოცნებას" მოგიწოდეთ, რომ არ მოგვეხსნა იმუნიტეტი ნიკა მელიასთვის. ვამბობდით, რომ პარლამენტი დამდგარიყო თავის სიმაღლეზე, არ ყოფილიყო პროკურატურის გაგრძელდება, რათა პროცესები არ შესულიყო ჩიხში. დღეს პროცესები ჩიხშია შესული, ვხედავთ რა ხდება ქუჩაში, პრინციპში, არის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. ჩვენ გთხოვდით და მოგიწოდებდით, უფრო მეტი პასუხისმნგებლობა და ამ ქვეყნის სიყვარული გამოგევლინათ და არ მიგეღოთ ის გადაწყვეტილება მაშინ. [...] სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს. ეხმარებით, რომ თავისი ამდენი წლის დაგროვილი რევანში, ამოიყენოს ერთ მხარეს ახალაია, მეორე მხარეს მეგის ქარდავა. ეს გინდათ, როგორც ჩანს", - განაცხადა ელისაშვილმა.
მან "ოცნებას" მოუწოდა, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები აწარმოოს, რათა ქვეყანა ჩიხიდან გამოიყვანონ.
ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.
გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო. ოპოზიცია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.


