Accentnews.ge
„ოცნებაში“ ბევრს გაუჩნდება ეჭვი, „ბიძინა ივანიშვილმა რომ თქვა, გახარიას გადადგომა ხომ არ არის ამის ნიშანიო“

„ოცნებაში“ ბევრს გაუჩნდება ეჭვი, „ბიძინა ივანიშვილმა რომ თქვა, გახარიას გადადგომა ხომ არ არის ამის ნიშანიო“

18/02/2021 12:28:48 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილება საკმაოდ ფართოა და მას შეეძლო მოვლენებზე გავლენის მოხდენა, მაგრამ როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ ეს იერარქია ნაკლებად არის დაცული: გავლენას ახდენენ ისინი, ვისაც ეს შეუძლია და რომელთა პოლიტიკური ქცევაც გახარიასთვის მიუღებელია,–ასე აფასებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას, დატოვოს პრემიერ–მინისტრის თანამდებობა, რის მიზეზადაც მან ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების საკითხზე გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

„ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება იყო, ამის შესახებ ხმები გამოდიოდა. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პარტიული თანამდებობიდან გადადგა, ბუნებრივია, მისი ადგილის დაკავებას ვიღაცეები შეეცდებოდნენ და მათ აუცილებლად მოუვიდოდათ გახარიასთან კონფლიქტი“,– ამბობს ფირალიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს, ფილოსოფოსი უშუალოდ ენმ–სა და „ქართულ ოცნებაში“ კონსენსუსის პერსპექტივას ეჭვით უყურებს:

„პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხისტი დაპირისპირების რეჟიმში იმყოფებიან (ვგულისხმობ „ქართულ ოცნებამ“ და ენმ–ს), შეუძლებელია, რამეს ველოდეთ მათგან დიალოგის და კონსენსუსის თვალსაზრისით. მათ მოახერხეს, ქვეყანა იმგვარ ჩიხში შეეყვანათ, რომ საბოლოოდ მივიღე NDI–ის გამოკვლევის შედეგები: მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციასაც უცხადებს უნდობლობას. ამ ვითარებიდან გამოსვლის რესურსი მათ არ აქვთ და ეს აშკარად იგრძნობა მათსავე რიტორიკაში – გნებავთ კობახიძის, გნებავთ ენმ–ის წარმომადგენლების განცხადებებში. მქონდა იმედი, რომ ვიღაც გამოჩნდებოდა, რომელიც ამ დაპირისპირების რეჟიმს შეცვლიდა, მაგრამ ვინც კი გამოჩნდა, ან ამ დაპირისპირებაში ჩაერთო, ან რომელიღაც ფლანგზე აღმოჩნდა ფარული არხებით“.

ის იმედს იტოვებს, რომ რიგი პოლიტიკური ლიდერების მიერ პარტიული პოზიციების დათმობას პოლიტიკაში ცვლილებები მოჰყვება:

„გახარიას გადადგომას ამ ეტაპზე მაინც შევხედავდი, როგორც პოზიტიურ მოვლენას: თურმე იგივე „ქართულ ოცნებაში“ ყოფილან ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ ამგვარი პოლიტიკური კურსი დაუშვებელია. როდესაც იგივე დავით ბაქრაძე და გიგი უგულავა გადადგნენ პარტიული თანამდებობებიდან, ესეც კარგის ნიშანია: ბოლოს და ბოლოს, ვიღაცეები ხვდებიან ვითარების დაუშვებლობას. იგივე „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა არაპირდაპირ აღიარეს, რომ პოლიტიკური სურათი, რომელიც მივიღეთ, ქვეყნისთვის დამღუპველია, უპერსპექტივოა პირადად მათთვისაც და ეს უკვე კარგია. რადგან ეს მოხდა, ამას შესაძლოა, კიდევ მოჰყვეს პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებები“.

აქვე ფირალიშვილი საქართველოს პრეზიდენტის როლზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც ამჟამად სალომე ზურაბიშვილი იკავებს და რომელიც მიმდინარე მოვლენებს ჯერ არ გამოხმაურებია:

„როდესაც ჩვენი პოლიტიკოსები საპარლამენტო რესპუბლიკისთვის იბრძოდნენ, იბრძოდნენ იმისთვის, რომ მაჟორიტარული სისტემა მოშლილიყო, მათ ელემენტარული რამ ვერ გათვალეს. მათ რომ სახელმწიფოებრივად ეაზროვნათ და არა პარტიული პრინციპებით, ეცოდინებოდათ, რომ ასეთ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც უზენაესი არბიტრის როლს შეასრულებს მსგავს ვითარებებში. სამწუხაროდ, ქვეყანა ასეთი არბიტრის გარეშეა და როდესაც ქვეყანას ასეთი არბიტრი არ ჰყავს, ის აუცილებლად ქაოსში ჩაიძირება. იმას, რასაც ელჩები აკეთებენ, ქვეყნის პრეზიდენტი უნდა აკეთებდეს!“.

რაც შეეხება შიდა პარტიულ ცვლილებას, ფირალიშვილი დაპირისპირების მოლოდინშია:

„დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებაში“ ბევრს გაუჩნდება ეჭვი, „ბიძინა ივანიშვილმა რომ თქვა, რომ ახალ ოპოზიციის ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს, გახარიას გადადგომა ხომ არ არის ამის ნიშანიო“? ბუნებრივია, ვიღაცეები განზე გადგებიან, გაჩნდება შფოთი, დაპირისპირება... ჯერ–ჯერობით ვერ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნება“ იოლად „გაიტანს“ პრემიერ–მინისტრის კანდიდატურას, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მათ ხელშია. თუნდაც „გაიტანოს“, ეს საფუძველს დაუდებს იმ განხეთქილებას, რომელიც როგორც ჩანს, გარდუვალია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S