"ღარიბაშვილი გამოკვეთილი კანდიდატი იყო, სხვაზე არ გვიმსჯელია"
18/02/2021 13:45:24 პოლიტიკა
"ღარიბაშვილი გამოკვეთილი კანდიდატი იყო, სხვაზე არ გვიმსჯელია", – ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
"იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დღეს არ გვქონდა დილიდან ორდინალური სიტუაცია და იცით, რომ გუნდის წევრთა უმრავლესობისთვის გიორგი გახარიას გადადგომა იყო მოულოდნელი, ამავდროულად როცა ქვეყანაში სამწუხაროდ არის ისეთი პოლიტიკური ძალა, მეორე - თავისი რეიტინგით და მხარდაჭერით და ცდილობს ეს ძალა რომ შექმნას პოლიტიკური კრიზისი და ქვეყანა ჩაითრიოს ქაოსში, ჩვენ გვმართებს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ ჩვენ ძალიან მალე, გახარიას გადაწყვეტილებიდან დავიწყეთ ამაზე ფიქრი, და ერთერთი გამოკვეთილი კანდიდატი იყო ღარიბაშვილი. პოლიტსაბჭოს ფორმატშიც მასზე იყო საუბარი, ლიდერები ამაზე იყვნენ ჩამოყალიბებული და სხვა კანდიდატთან დაკავშირებით არ გვიმსჯელია", – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება, ვინაიდან, მას საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.
"ჩვენ შეგვიძლია უკვე დაბეჯითებით, დარწმუნებით ვთქვათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერობის კანდიდატად ექნება და პრემიერი გახდება ირაკლი ღარიბაშვილი, აქ კითხვის ნიშნები პრაქტიკულად არ არის, ეს არის უკვე გადაწყვეტილი, იმიტომ რომ მას უკვე უმრავლესობის სხდომაზე დაუფიქსირეს ჩვენმა კოლეგებმა სრული შემადგენლობით მხარდაჭერა“, - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის: “ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.


