BBC: "ოპონენტის შესაძლო დაპატიმრების პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადადგომა შეიძლება, გასაკვირი ჩანდეს, თუმცა გახარიამ გააცნობიერა რისკები"
18/02/2021 14:48:40 პოლიტიკა
"ოპონენტის შესაძლო დაპატიმრების პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადადგომა შეიძლება, გასაკვირი ჩანდეს, თუმცა გიორგი გახარიამ როგორც ჩანს, გააცნობიერა რისკები, რომელიც მნიშვნელოვანი ოპოზიციური ფიგურის ციხეში ჩასმას მოჰყვებოდა", – ასე ეხმიანება BBC საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
როგორც გამოცემა წერს, გახარიას გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია პარტია „ქართული ოცნების“ იმ წევრების პოზიციებთანმ, რომელთაც "სურთ, დასაჯონ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია კანონის უპატივცემულობის გამო."
"საქართველო პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების წინაშე დგას. ქვეყნის ოპოზიციურმა პარტიებმა გასული ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომელიც მათი თქმით, გაყალბდა, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. ამომრჩევლებს შორის არსებობდა მოლოდინი, რომ არჩევნების შედეგად საქართველოს, პირველად, კოალიციურ მთავრობა ეყოლებოდა. ამის ნაცვლად, ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამო, საქართველო ფაქტობრივად ერთპარტიული სახელმწიფოა", – წერს გამოცემა.
ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.
გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო. ოპოზიცია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.
ცოტა ხნის წინ “ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.


