გახარია მიდის, ღარიბაშვილი ისევ მოდის: „შანსი დაიტოვა, დაბრუნდეს“

18-02-2021 20:11:24 ანალიზი

„ქართული ოცნების“ გუნდში დაპირისპირებისა და მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მედია აქტიურად წერდა, თუმცა 18 თებერვალს მოულოდნელად გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. მან გადაწყვეტილება ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიასთან მიმართებაში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა და მისი ნაბიჯით პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების იმედი გამოთქვა. თავდაპირველად „ქართულ ოცნებაში“ ახალი პრემიერის კანდიდატურის წარდგენა 19 თებერვლისთვის დააანონსეს, თუმცა როგორც გაირკვა, გახარიას შემცვლელი – ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე საათში გამოუძებნეს. ღარიბაშვილი პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ, უკვე მეორედ ჩაიბარებს მთავრობის მეთაურის პორტფელს მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ პირველ ჯერზე ამავე თანამდებობის დატოვების მიზეზები საზოგადოებისთვის ბუნდოვანი დარჩა, თუ არ ჩავთვლით „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ ღარიბაშვილი მას ხშირად ეკითხებოდა, „ხომ არ მოვიდა წასვლის დროო“ ჟურნალისტურ გამოძიებებს ღარიბაშვილის გარემოცვასთან დაკავშირებით. ამრიგად, პრემიერის თანამდებობას ღარიბაშვილი დაიკავებს და არ არის მოლოდინი, რომ პარლამენტში ამ კანდიდატურას მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა მოჰყვება. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ღარიბაშვილი როგორც მთავრობის მეთაურის, ისე შს მინისტრის და შემდეგ თავდაცვის მინისტრის რანგში გამოირჩეოდა ოპოზიციის მიმართ ხისტი რიტორიკით, ისმის კითხვა, რამდენად შეუწყობს ხელს ამგვარი საკადრო ცვლილება მძიმე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვასა და პროცესების დეესკალაციას ხელს? და იქნება თუ არა შემაკავებელი ფაქტორი ქვეყნების საერთაშორისო პარტნიორების პოზიციონირება?

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადოკატი ეკა ბესელია დარწმუნებულია, ამ საკადრო პოლიტიკასთან ბიძინა ივანიშვილია კავშირში, რადგან მას სიურპრიზები „აღარ სჭირდება“:

„ღარიბაშვილი ყველაზე ლოიალურია ივანიშვილის მიმართ. ის გრძნობს, რამდენად სახიფათო ზღვარზეა პროცესი... ასე ცივსისხლიანად არ ვიცნობ ირაკლის [ღარიბაშვილს –რედ.], არ მგონია, ისე დაუბნელდეს გონება, რომ ამ კრიტიკულ სიტუაციაში...დღეს დიალოგი საჭიროა. ბეწვის ხიდზე იარა პროცესმა, რომ ქვეყანა გადარჩა სისხლისღვრას“.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის პრემიერის რანგში მეორედ დაბრუნება ხისტი პოლიტიკის დაანონსებას გულისხმობს, რაც შექმნილ ვითრაებაში ყველა მხარეს და უმთავრესად, ქვეყანას აზიანებს:

„გულწრფელად რომ გითხრათ, როგორც დილით გახარიას გადადგმას არ ველოდი, ისე არ ველოდი ღარიბაშვილის უკან მობრუნებას პრემიერ–მინისტრის პოსტზე. ღარიბაშვილი გვახსოვს შს მინისტრად, ვფიქრობ, მაშინ გარკვეული წარმატებები ჰქონდა, სისტემა„დაიჭირა“, რაც შეეხება იმჟამად მის პრემიერ–მინისტრად დანიშვნას, ძალიან ახალგაზრდა იყო. ამ ასაკში ადამიანი ამხელა პასუხისმგებლობას რომ იღებს, სულ ორია – ნაპოლეონი და მაკედონელი. ასაკი მოემატა, მაგრამ თუ მის ბოლოდროინდელ განცხადებებს გავიხსენებთ, იგივე სიხისტე ახასიათებს დღესაც, რაც ადრე. და ეს სიხისტე რამდენად წაადგება „ქართულ ოცნებას“, პირადად მას ან ხალხს? ესაა პრობლემა. გახარიას გადადგომის შემდეგ პოლიტიკური ვითარება აბსოლუტურად შეიცვალა: სხვა ვითარება იყო გუშინ, განწყობებიც – შინ და გარეთ. გახარიას გადადგომით ვითარება „აიჭრა“, მეორეს მხრივ – გახარიას განცხადებამ, მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებული საქმის სამართლებრივი მხარე პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანა. ამას თან დაერთო ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების საკმაოდ მძაფრი განცხადებები. ამ ვითარებაში ხისტი პოლიტიკის გატარება სახიფათო მგონია. არადა ღარიბაშვილის ამ პოსტზე მობრუნება მანიშნებელია, რომ ხისტი პოლიტიკის გატარებას გეგმავს და უპირველესად, ოპოზიციის მიმართ. მოგვწონს თუ არა ოპოზიცია, მას ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა აქვს. ამიტომ, ხისტი დამოკიდებულება, მით უფრო, რომ მოვლენები სამართლებრივი პროცესიდან პოლიტიკურში გადადის, ქვეყანას არ მგონია, წაადგეს. ამ ოპერაციის განხორციელება გაცილებით რთული იქნება ხელისუფლებისთვის და დამაზიანებელი ქვეყნისთვის, ვიდრე დღეს რომ განხორციელებულიყო.

„შანსი დაიტოვა, რომ საჭიროდ თუ ჩათვლის, პოლიტიკაში დაბრუნდეს“

ძაბირაძე ვარაუდობს, რომ გახარიამ მომენტი ვითარებისგან განსარიდებლად გამოიყენა:

„ვფიქრობ, გახარია საკმაოდ წარმატებული პრემიერ–მინისტრი იყო. სიხისტე არც მას აკლდა, თუმცა ლავირების უნარიც ჰქონდა. მუდმივად იყო საუბარი, რომ მას პრემიერ–მინისტრის პოსტს ატოვებინებენ, რომ მას არ აქვს დასაყრდენი. მგონია, რომ ეს ხმები სიმართლეს შეესაბამებოდა. პირადად მე მას დღემდე ვუყურებდი როგორც მარტოხელა „მონადირეს“: ეს მისი გუნდი ნამდვილად არაა. ეს ივანიშვილის გუნდია, რომელიც მან მემკვიდრეობით გადაიბარა და ასევე გადააბარებს ღარიბაშვილი. ამდენად, თუ გახარია ელოდა, რომ მას თანამდებობიდან გაუშვებდნენ, სავარაუდოდ, მან ამჯობინა, პროტესტის ნიშნად წასულიყო. ამასთან, მისი განცხადება გახარიას პოლიტიკურ რეაბილიტაციას ახდენს 20 ივნისის მოვლენების კონტექსტში. მან მეტიც თქვა, „საჭიროა მოლაპარაკება, პოლარიზაციის შესუსტებაო“. ამდენად, ვფიქრობ, მან გამოიყენა ვითარება, რომ გასცლოდა, სანამ გაუშვერდნენ და სწორადაც მოიქცა: მან შანსი დაიტოვა, რომ თუ საჭიროდ ჩათვლის, პოლიტიკაში დაბრუნდეს“.

გახარია, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე

ძაბირაძე, მიუხედავად გარკვეული პოლიტიკური კაპიტალისა, გახარიაში ამგვარ რესურსს ვერ ხედავს:

„მას გარკვეული რეიტინგი აქვს, მაგრამ მისი პოლიტიკური კაპიტალი არ იძლევა საშუალებას, დამოუკიდებელი პოლიტიკურ თამაშის შემთხვევაში წარმატებული იყოს. თუმცა, თუ პლიტიკურ კაპიტალს ფინანსურით შეავსებს, შესაძლოა, 1%–იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში გარკვეული წარმატების მიღწევის შანსი ჰქონდეს“.

ივანიშვილის როლი

„ბოლო ერთი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები არ ჰგავს, რომ ივანიშვილი იღებდა გადაწყვეტილებას: ივანიშვილს სხვაგვარი მიდგომა ჰქონდა – ის უფრო სიტუაციის მომწიფებას ელოდა და შემდეგ იღებდა გადაწყვეტილებას. გავიხსენოთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური: ნახა, რომ გუნდისთვის გასაჭირი იყო და სრულიად მოულოდნელი პირობები მიცა ხალს. ასევე ძალიან სიმპტომატურია 20 ივნისის შემდეგ პროპორციულ 1%–იან საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება. ანუ, ივანიშვილის გამოსვლა დაძაბულ ვითარებას ანეიტრალებდა, ჰქონდა მოულოდნელი სვლებიც. დღეს კი ვხედავთ, რომ ფიგურაა [ირაკლი ღარიბაშვილი] მოულოდნელი, მაგრამ არა სვლა, რომელიც ვითარებას განმუხტავს. პირიქით, კიდევ უფრო დაძაბავს“,– ამბობს „აქცენტთან“ ძაბირაძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები