Accentnews.ge
ვოლსკი – გახარიაზე: „უხერხული სიტუაცია შეგვექმნა ადამიანის მიმართ“

ვოლსკი – გახარიაზე: „უხერხული სიტუაცია შეგვექმნა ადამიანის მიმართ“

18/02/2021 18:01:12 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, გიორგი გახარიასთვის თემა, როდის და რა ფორმით უნდა მოხდეს ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიასთან მიმართებაში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, „სერიოზულ კითხვებს ბადებდა“ და როგორც ვოლსკი ამბობს, „ცოტა ეს კითხვებიც უცნაურად ჟღერდა“.

როგორც მან პირველი არხის ეთერში განაცხადა, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაფართოებული ფორმატში შედგა, რომელსაც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო, გიორგი გახარია და მთავრობის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.

ვოლსკი ამბობს, რომ მანამდე საკითხთან მიმართებაზე აზრთა სხვადასხვაობა არ იყო.

„განსხვავებული აზრი რომ გაჩნდა, ამ დილას გავიგეთ (ყოველ შემთხვევაში, მე). [...]„აღსრულდეს თუ არ აღსრულდეს, ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი არ გაყოფილა. ყოველ შემთხვევაში, აი ასეთი ორჭოფული და გაუგებარი პოზიცია აღმასრულებლის მხრიდან, რომელმა სისტემამაც უნდა აღასრულოს ეს გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ მიიღო. ერთია, სამართლიანად მიიღო თუ არა. ამაზეც შეიძლება პატარა კომენტარის გაკეთება, პოლიტიკურ საკითხებზე, მაგრამ ეს ხომ არ არის ემოციური აფეთქება, რომელიც ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა. ეს არის ერთობლიობა გარკვეული სიტუაციის, სადაც, ვფიქრობ, განსხვავებული აზრი არც ერთხელ არ ყოფილა და აქედან გამომდინარე, როგორც სოზარმაც აღნიშნა, საკმაოდ უხერხული სიტუაცია შეგვექმნა ადამიანის მიმართ, რომელთანაც გვაკავშირებს მეგობრობა, განვლილი პერიოდის მთელი პერიპეტიები, უცბად ჩვენთვის გაუგებარ პოზიციას იკავებს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ვოლსკი ამბობს, რომ გახარიასგან მსგავს გადაწყვეტილებას არ ელოდა.

რაც შეეხება ოპოზიციის სეთავაზებას დიალოგზე, ვოლსკი ამბობს: „მაგიდასთან დავსხდეთო ახლა გვეუბნებიან. კი დავსხდეთ და ვეუბნებით, თუკი თქვენ მთავარ ასპექტად ჩვენი დაპირისპირებისა ასახელებთ არჩევნების გაყალბებას, კი ბატონო, ჩვენ ახლა ნათელაშვილის ჭკუაზე ხომ არ ვატარებთ ქვეყანას. მაშინ ავიღოთ და სამართლებრივი დოკუმენტი შევქმნათ, რასაც საგამოძიებო კომისია სჭირდება და კი ბატონო, თქვენ უხელმძღვანელეთ ამ კომისიას“.

ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო. ოპოზიცია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.

ცოტა ხნის წინ “ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S