Accentnews.ge
ფადი ასლი: "საქართველოში არსებული კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა ეროვნული შერიგებაა"

ფადი ასლი: "საქართველოში არსებული კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა ეროვნული შერიგებაა"

19/02/2021 08:43:39 პოლიტიკა

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ფადი ასლი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა ეროვნული შერიგებაა".

მისი თქმით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნით ქვეყანაში არაფერი შეიცვლება:

"ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დასაძლევად ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ახალი რა შეიძლება მოხდეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნით? არაფერი! პოლიტიკური ლანდშაფტი არ შეცვლილა ზაფხულიდან მოყოლებული, რომელიც წინ უძღოდა 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებს; ისევ ის უნდობლობა და სიძულვილი სუფევს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ვადამდელი არჩევნები იქნება პოკერის თამაშის გამეორება, როდესაც ორ მოწინააღმდეგეს ისევ ის ბანქო უჭირავს ხელში, რაც მანამდე ჰქონდათ. "ქართული ოცნება" ისევ იმ მეთოდების გამოყენებით გააყალბებს არჩევნებს, როგორც ეს ოქტომბერში გააკეთა, ხოლო არჩევნების შედეგიც იგივე იქნება. რატომ ვერ იჭერს მელა გაქცეულ კურდღელს? იმიტომ, რომ თუ მელა სადილს მისდევს, კურდღელი გადარჩენისთვის გარბის! თუ ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძვიან, "ქართული ოცნება" გადარჩენისთვის გარბის; ოპოზიცია ხელისუფლებაში რომ მოვიდეს, ქართული ოცნების მრავალ ჩინოვნიკს ციხე და ქონების ჩამორთმევა ელის! 2004 წელს, როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მან შვიდი მინისტრი და შევარდნაძის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები დააპატიმრა. 2012 წელს, როდესაც ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მან ასევე დააპატიმრა სააკაშვილის შვიდი მინისტრი და მაღალჩინოსანი. როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვა, როცა ეს მოხდება, იგივე სცენარის მომსწრენი ვიქნებით- "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებიც ციხეში წავლენ".

ფადი ასლი მიიჩნევს, რომ "ერთადერთი გამოსავალი ამ მანკიერი წრიდან ეროვნული შერიგებაა".

"გამოსვლისა არის ორ მხარეს შორის „ეროვნული შერიგება“, რომელიც ეფუძნება შემდეგ პრინციპს: „არ არის დამარცხებული/არ არის გამარჯვებული“. ეს შერიგება აღმოფხვრის პოლიტიკური დევნის პრაქტიკას, რომელიც 2004 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ეროვნული შერიგება საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყებას დაუდებს სათავეს. შერიგების მთავარი მიზანია მხარეებს შორის ნდობის აღდგენა, ხოლო ამისათვის ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს, პოლიტიკური ბრალი მოეხსნათ და მათ, ვისაც დევნის შიშის გამო ქვეყნიდან გაქცევა მოუხდათ, უფლება მიეცეთ უვნებლად დაბრუნდნენ ქვეყანაში. "ქართული ოცნების" ჩინოვნიკებს უნდა მიენიჭოთ იმუნიტეტი, რომელიც მათ დაიცავს ყველა იმ დანაშაულისგან, რომელიც შესაძლოა, ჩადენილი ჰქონდეთ 2012 წლიდან მოყოლებული ამგვარი შეთანხმების ხელმოწერამდე. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება აზრი ვადამდელ არჩევნებს, რომლის პირობებიც სხვადასხვა პარტიების კონსტრუქციული თანამშრომლობით განისაზღვრება. 2007 წლიდან მოყოლებული, თოთხმეტი წელიწადი საქართველო არასტაბილურ მდგომარეობაშია, ხოლო ხალხი კი მუდმივად ქუჩაში, ამა თუ იმ მიზეზის გამო საპროტესტო განწყობით. ეს შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ეროვნული შერიგებით, რომელიც ქართველებს სიღარიბიდან ამოიყვანს და ქვეყანას კეთილდღეობას მოუტანს!", – აცხადებს ფადი ასლი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S