"სტატუს ქვო უნდა შეიცვალოს. ერთპარტიული პარლამდენტი მიუღებელია"
19/02/2021 10:35:52 პოლიტიკა
"სტატუს ქვო უნდა შეიცვალოს. ერთპარტიული პარლამდენტი მიუღებელია", - ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.
იგი ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში „მიმდინარე პოლარიზაციას“ და „დიალოგის ნაკლებობას“ უკავშირებს.
"ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა შეაფასოს პრიორიტეტები. პრიორიტეტი მრავალპარტიული პარლამენტის ქონაა. არ შეიძლება, გარიყო ქვეყანაში ამომრჩევლის, დაახლოებით 45% და გქონდეს პარლამენტი, სადაც ოპოზიციური პარტიები წარმოდგენილი არ არის. ყველამ ამაზე უნდა გააკეთოს ფოკუსი. არავინ უნდა მოიმოქმედოს არაფერი ისეთი, რაც დააყოვნებს ან დააზიანებს ამ დიალოგს. ამ სიტუაციიდან გამოსავალი უნდა მოინახოს. სტატუს ქვო, ერთპარტიული პარლამდენტი მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც დასავლური ქვეყნების თანამეგობრობის წევრობა სურს", – აცხადებს კელი.
მისივე თქმით, ჩრდილოელი მეზობელი ცდილობს, საქართველოს მთავრობა კიდევ უფრო არასტაბილურად აქციოს და ქართველებმა ეს რუსეთისთვის თვითონ არ უნდა გააკეთონ:
"მთავრობის პასუხისმგებლობაა იმის თქმა, რომ ქართველების მიერ ერთპარტიული სიტუაციის გადაჭრა ქვეყნის პრიორიტეტია. შედეგებს რაც შეეხება, ისინი სავალალოა, შედეგები ძალიან მძიმეა. პირველ რიგში, ერთპარტიული პოლიტიკა უკიდურესად არასტაბილურია. ამასთან, ჩრდილოეთით გყავთ მტრულად განწყობილი ქვეყანა, რომელიც ცდილობს, თქვენი მთავრობა კიდევ უფრო არასტაბილურად აქციოს. ქართველებმა ეს რუსეთისთვის თვითონ არ უნდა გააკეთონ".
იგი მიიჩნევს, რომ მთავრობას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის თვალსაზრისით.
"ძალიან ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მაგრამ დასავლეთში ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელიც მოხარული იქნება საქართველო და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები დაივიწყოს, თუ ქვეყანაში ასეთი ქაოსი და ერთპარტიული სისტემა გაგრძელდება. შედეგები ყველასთვის ძალიან დიდია. როგორც მთავრობამ, ასევე ოპოზიციამ ტემპერატურა უნდა დაწიონ, შეწყვიტონ რიტორიკა, რომელიც ორივე მხარეს ძალიან მწვავეა, დასხდნენ ერთად და მონახონ გამოსავალი“, – აცხადებს კელი.
მთავრობაზე პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, იგი აღნიშნავს, რომ ვითარების განმუხტვაში ოპოზიციასაც აქვს როლი:
„საქართველო გზაჯვარედნზეა. ქვეყანას შეუძლია, ან გააგრძელოს მრავალპარტიული, პლურალისტური დემოკრატია, ან დაადგეს ისეთი არათავისუფალი ქვეყნების გზას, რომლებიც საქართველოს ჰყავს გარშემო“.
ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს. გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო.
გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში “ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.
რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებენ.
.


