"ჩემი რჩევა ნიკა მელიას მიმართ იქნებოდა, ვიდრე ვითარება პოლიტიკურად არ გაირკვევა, თავი აარიდოს გარეთ გასვლას"
19/02/2021 11:00:51 პოლიტიკა
"ევროპული საქართვეოს" ლიდერი დავით ბაქრაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას ურჩევს, ვიდრე ვითარება პოლიტიკურად არ გაირკვევა და დალაგდება ოფისიდან გარეთ გასვლას თავი აარიდოს.
"ჩემი რჩევა ნიკა მელიას მიმართ იქნებოდა, რომ სანამ ვითარება პოლიტიკურად არ გაირკვევა და არ დალაგდება, თავი აარიდოს გარეთ გასვლას, თავი აარიდოს ხელისუფლების მხრიდან პროვოცირების შესაძლებლოაბს. ნუ მივცემთ შანსს ხელისუფლებას, რომ ამ შემთხვევაში და ამ საქმეში სადაც თავიდან ბოლომდე მტყუანია მიაღწიოს ისეთ გამარჯვებას, რომელიც ქვეყანაში დაპირისპირების მორიგ ტალღას მოიტანს", განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, რისკები, მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ისევ არსებობს და "ქართული ოცნების" რადიკალური ნაწილი ჯერ კიდევ მთავარ ამოცანად არა ქვეყანაში სიმშვიდეს, არამედ ძალის დემონსტრირებას მიიჩენვს".
ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს. გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო.
გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში “ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.
რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებენ.


