სუს–ის ყოფილი მაღალჩინოსნის „მემუარების“ პრობლემური მხარეები

19-02-2021 16:20:23 ანალიზი

ამასწინათ არც თუ ჩვეულებრივი მოვლენის მომსწრენი გავხდით: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკვე ყოფილმა მაღალჩინოსანმა (სუს–ის უფროსის ყოფილი მოადგილე) სოსო გოგაშვილმა, რომელსაც მედია მთელ რიგ სკანდალებს უკავშირებს, არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლა და საჯაროობა გადაწყვიტა. როგორც თავად განმარტავს, არ სურს, მის მიერ უსაფრთხოების სექტორში მუშაობისას დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა „დაიკარგოს“, მის მიერ ნაკლოვანებებად აღქმულ მიმართულებებზე კვლევებს ჩაატარებს და უკვე ახალი ამპლუიდან შესთავაზებს ყოფილ ხელმძღვანელობას გამოსავლის გზებს. თუმცა უცნობია, ამ მიმართულებებზე ძალისხმევა რატომ მაღალი რანგის თანამდებობაზე ყოფნისას არ გასწია, როცა ამის შესაძლებლობას ძალაუფლება აძლევდა და მსგავსი კვლევებიც უფრო ეფექტური იქნებოდა.

სუს–ის უკვე ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ერთ–ერთ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც მან „ტვ პირველს“ მისცა, გვამცნო, „საქართველოში ძალიან ბევრი ქვეყნის სპეცსამსახური მუშაობს, არა მხოლოდ რუსეთის და ეს გამოწვევააო; ისაუბრა თურქეთთან კომუნიკაციაზე, „ციანიდის საქმის“ განსხვავებულ ვერსიაზე, რომელიც უშუალოდ სისხლის სამართლის საქმეში არ ფიგურირებს; ამ საქმის კონტექსტში იმჟამინდელ პრემიერ–მინისტრთან კომუნიკაციაზე; უწყებებს შორის კოორდინაციის პრობლემურობაზე და მთელ რიგ დეტალებზე, რასთანაც მას შეხება და წვდომა უსაფრთხოების სამსახურში საკუთარი სტატუსიდან გამომდინარე უნდა ჰქონოდა. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ინტერვიუმ ბევრი პრობლემა წარმოაჩინა. კერძოდ, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ ბატიაშვილი, რომელსაც უსაფრთხოების მიმართულებით საქმიანობის გამოცდილება აქვს, „აქცენტთან“ გოგაშვილის ინტერვიუს გაცნობის შემდეგ რამდენიმე პრობლემურ საკითხს გამოჰყოფს:

საკადრო პოლიტიკა;

ინფორმაციის დაცულობა;

ქართული სპეც–სამსახურების იმიჯი.

„ამ ინტერვიუმ მთელი სიცხადით წარმოაჩინა, რა მდგომარეობაშია საქართველოს ინსტიტუტები: ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა და ყველაფერი დამოკიდებულია ერთ პირთან ამა თუ იმ პირის სიახლოვის ხარისხზე და არა კვალიფიკაციასა და მის დამსახურებაზე: მან ისაუბრა ბევრ ისეთ საკითხზე, რომელიც უსაფრთხოებასთან კავშირში არაა, მაგრამ მას ჰგონია, რომ ეს უსაფრთხოების სფეროა. ძალიან ბევრი საკითხი ერთმანეთშია გადახლართული და პირი, რომელიც უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი, ვერ ერკვევა, რა არის და არა უსაფრთხოების კომპონენტი.

ასევე გამოჩნდა, რომ უსაფრთხოების სფეროში მუშაობდა ადამიანი და მას არ გაუჩნდა შეგრძნება, რომ თანამდებობის დატოვებისას საკითხები, რომელთაც ადევთ გრიფით „საიდუმლო“, მართლაც საიდუმლოდ შეინახოს. ამისთვის გაწერილია სპეციალური პროცედურა და მას საჯარო მოხელე როგორც თანამდებობაზე ყოფნისას, ისე თანამდებობის დატოვების შემდეგ უნდა დაემორჩილოს. უშუალოდ სისხლის სამართლის კოდექსის 131–ე მუხლი არეგულირებს საიდუმლოს გათქმის შემთხვევაში პასუხისმგებლობას (8–დან 15 წლამდე საპატიმრო სასჯელს ითვალისწინებს).

საკითხებზე, რომელზეც მან ისაუბრა, მაღალი ალბათობით, გრიფით „საიდუმლო“ ადევს, რადგან ეს არ არის საჯარო ინფორმაცია, რომელზე წვდომაც ნებისმიერ პირს აქვს, ან თქვენ, უწყებიდან გამოთხოვნის შემთხვევაში მიიღებთ. სპეციალური რეჟიმი მოქმედებს და მათზე წვდომა შეზღუდული რაოდენობის ადამიანებს აქვთ, რადგან ის შესაძლოა, სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავდეს“.

საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ბატიაშვილი გვეუბნება, რომ მემუარების წერას თავისი „ჩარჩო“აქვს, ხოლო საიდუმლო ინფორმაციას – ვადა:

„თუ ეს ვადა არ არის დაცული და მას მემუარებში აქვეყნებ, პასუხისგების რეჟიმში ექცევი. როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოს შემთხვევაში საპატიმრო სასჯელია გათვალისწინებული. მსგავსი რამ ნორმალურ ქვეყანაში წარმოუდგენელია, მოხდეს, რადგან სახელმწიფოებრივი მიდგომა არსებობს. ხოლო ვინც გაბედავს, დაჯდება კამერასთან და ფაქტობრივად, იჭორავებს, შესაბამისი მუხლიც ამოქმედდება. სამწუხაროდ, საქართველოში შერჩევითი სამართალია, ამასთან დაბალი სახელმწიფოებრივი შეგნება“.

ამ კონტექსტში ბატიაშვილი ქართული სპეცსამსახურების იმიჯზე ამახვილებს ყურადღებას:

„რა შთაბეჭდილება შეექმნებათ უცხოელ პარტნიორებს? მით უმეტეს, თუ ჩვენი მიზანი და გეგმა ნატო–ში ინტეგრაციაა, ნატოსაც გასაიდუმლოებული დოკუმენტები აქვს. მისი ინტერესი ამ საიდუმლოების დაცვაა და არა ის, რომ ვიღაცამ ამ შესაძლო გეგმების თაობაზე საჯაროდ ისაუბროს“.

ბატიაშვილის წუხს, რომ მსგავსი საკადრო პოლიტიკა სწორედ იმ საშუალო და დაბალი რანგის რგოლებს უქმნის რისკებს, რომელთა პროფესიონალიზმსაც ემყარება სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება:

„სპეცსამსახური ორიოდ დღეში ვერ იქმნება და სამწუხაროა, რომ იქ შემთხვევითი ადამიანები ხვდებიან და ხვდებიან მაღალ რგოლებზე. დარწმუნებული ვარ, ქართულ სპეცსამსახურებში (ზოგადად, საჯარო სექტორში) კვალიფიციური, პატრიოტი ადამიანები მუშაობენ, ძირითადად, საშუალო და დაბალ რგოლზე და სწორედ მათზე დგას ქვეყანა. მათ საზოგადოების ფართო ფენები არ იცნობენ, მაგრამ ისინი რეალურად არსებობენ და მოქმედებენ. სწორედ მათ აყენებს არა მხოლოდ რისკის ქვეშ მსგავსი საკადრო პოლიტიკა, არამედ დემორალიზებასაც ახდენს. წარმოიდგინეთ, ადამიანებმა საკუთარი ოფლი და სისხლი ჩადეს საქმეში და არაკვალიფიციური კადრი მათზე საჯარო სივრცეში საუბრობს!“,– ამბობს ბატიაშვილი და ასკვნის, რომ „როდესაც სახელმწიფოს სისუსტეზე ვსაუბრობდით, სწორედ ერთ–ერთი სამწუხარო გამოვლინება იყო გოგაშვილის „ქეისი“ და ეს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის, არამედ სისტემის პრობლემაა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები