NATO: "წლების თანამშრომლობის შედეგად, ქართული ძალები უფრო ეფექტურნი გახდნენ, ვიდრე ოდესმე და აქვთ უნარი, ჩვენს ძალებთან ერთად იმოქმედონ"
19/02/2021 13:26:15 პოლიტიკა
NATO საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, მხარეებს ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ იმოქმედოს ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვით და თავი შეიკავოს ნებისმიერი ნაბიჯისგან, რამაც შესაძლოა, შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს. ჩვენ ვაცნობიერებთ რთულ გარემოს, რომელშიც მუშაობს საქართველოს მთავრობა, მათ შორის რუსეთის აგრესიას, ჯანდაცვის კუთხით არსებულ ვითარებას და პანდემიის ნეგატიურ გავლენას ეკონომიკაზე. ამავდროულად, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ დაიშუროს ძალისხმევა რეფორმების წინსვლისთვის. ამასთან, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყურადღება მიმართოს იმ საარჩევნო საკითხებზე, რომლებზეც საერთაშორისო დამკვირვებლები გასული წლის არჩევნების შემდეგ მიუთითებენ. NATO-საქართველოს პარტნიორობას აქვს ყველა პრაქტიკული და პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მიმდინარე რეფორმებს და ქვეყნის მზადებას საბოლოო წევრობისთვის", – განუცხადეს "აქცენტს" ალიანსში.
ამასთან, NATO–ში საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზეც ამახვილებენ ყურადღებას:
"NATO –სა და საქართველოს შორის პარტნიორობა ორივეს – ალიანსსაც და ქვეყანასაც უფრო უსაფრთხოსა და დაცულს ხდის. საქართველოს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში მრავალმხრივი წვლილი შეაქვს. იგი ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" ერთ – ერთი უდიდესი მონაწილეა. გარდა ამისა, საქართველო NATO–ს "რეაგირების ძალებში" მონაწილეობს. წლების თანამშრომლობის შედეგად ქართული ძალები უფრო ეფექტურნი გახდნენ, ვიდრე ოდესმე და აქვთ უნარი ჩვენს ძალებთან ერთად იმოქმედონ".
ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს. გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში “ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.
რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებენ.


