ომბუდსმენის თქმით, კარვის დადგმაში ხელის შეშლა შსს-ს მხრიდან უკანონო ზომაა
19/02/2021 15:16:16 პოლიტიკა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კარვის განთავსების უფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული.
როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, პოლიცია თავს უნდა იკავებდეს სიტუაციის ხელოვნური ესკალაციისგან.
„დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, ხოლო ხსენებული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას. შეკრების თავისუფლებაში მსგავსი სახის გაუმართლებელ ჩარევას გასულ წლებში სისტემური ხასიათი ჰქონდა, 2018 წელს, სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა. აღნიშნულის შემდგომ შსს-ს მხრიდან აღარ ხდებოდა კარვების დადგმაში ხელშეშლა, თუმცა სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი ისევ დაიწყო მსგავსი უკანონო ზომის გამოყენება. საყურადღებოა ისიც, რომ გავრცელებული კადრების შესაბამისად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია სამართალდამცავთა კორდონით, რაც საჯარო სივრცეში შეკრების სასურველ ადგილას გამართვის შესაძლებლობის გაუმართლებელ შეზღუდვას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება უფლების სრულფასოვნად რეალიზების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოსთვის დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებებს. ამასთან, სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიციას ეკისრება, შეკრების მიმდინარეობისას, თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, დაპირისპირების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები და დიალოგი აწარმოოს აქციების მონაწილეებთან", - ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტის მიმდებარედ პოლიციამ 20 აქტივისტი დააკავა. ისინი პარლამენტის შენობის უკან განთავსებული კარვების საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ გადმოტანას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
სამოქალაქო აქტივისტებს 82 დღეა, ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პარლამენტთან კარვები აქვთ გაშლილი.


