თალაკვაძის ინიციატივით, კობახიძეს თავისუფლების საპარლამენტო ორდენს მიანიჭებენ
19/02/2021 15:30:30 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კობახიძეს პარლამენტი თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვებს. შესაბამისი ინიციატივით პარლამენტის ბიუროს წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მიმართა.
“მან განუზომლად დიდი წვლილი შეიტანა საკონსტიტუციო რეფორმაში. როგორც პარლამენტის წინა თავმჯდომარე საკონსტიტუციო რეფორმას ხელმძღვანელობდა. ეს არის რეფორმა, რომელიც არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა სხვა მოწვევის პარლამენტში არაერთხელ სცადა. სამწუხაროდ, წინა შემთხვევებში, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა. ირაკლი კობახიძემ მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრთა მხარდაჭერით რეფორმის წარმატებით დასრულება შეძლო. კობახიძის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვება არის სიმბოლური და მოკრძალებული აღნიშვნა იმ წვლილისთვის, რაც მან კონსტიტუციის შესაბამისად დემოკრატიის და სახელწიფო ინსტიტუტების განვითარების პროცესში შეიტანა“, - განაცხადა თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.
მისივე თქმით, ფულადი ჯილდო, რაც აღნიშნული ორდენის ნაწილია, კობახიძის სურვილით ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის გადაირიცხება.
თავისუფლების საპარლამენტო ორდენი საპარლამენტო ჯილდოა, რომელიც პირს პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცემა. თავისუფლების საპარლამენტო ორდენით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით.


