Accentnews.ge
ლიეტუველი პარლამენტარი: "ჩვენი გამოცდილებით, ან უერთდები ევროკავშირს და ნატოს, ან კვდები"

ლიეტუველი პარლამენტარი: "ჩვენი გამოცდილებით, ან უერთდები ევროკავშირს და ნატოს, ან კვდები"

20/02/2021 09:43:16 პოლიტიკა

​ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონი ენმ–ის ოფისში ნიკა მელიას შეხვდა.

როგორც ლიეტუველმა პოლიტიკოსმა შეხვედრის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის საქართველოში იმ მიზნით ჩამოვიდა, რომ ყველა მხარეს დაელაპარაკოს და შეთავაზოს მოლაპარაკებებში მედიაცია. მან ხაზი გაუსვა დიალოგის მნიშვნელობას.

ამასთან, მან საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით თქვა, თუკი არ აირჩევ დასავლურ გზას, არ შეუერთდები ევროკავშირსა და ნატოს, შეიძლება მოკვდე.

"არის არჩევანი: საქართველო ან წავა ლიეტუვის გზით, ან სხვა გზით. თუ იქნება ლიეტუვის გზა, მე ვხედავ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს.

მაგრამ, როცა ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატოში წევრიანდებოდა, მარჯვენა და მარცხენა ყოველთვის ერთად მუშაობდნენ. ჩვენ არასდროს დაგვიპატიმრებია [ოპონენტები]. თუ გაგრძელდება რეპრესიები და კონფლიქტი, თუ გაგრძელდება მუქარის გზა, საქართველოს შანსები შემცირდება.

ნატო–სა და ევროკავშირში მხოლოდ საუკეთესო გაწევრიანდება. თქვენი არჩევანია, გინდათ, რომ იყოთ ლიდერები, თუ გინდათ, იყოთ სხვადასხვა საშინაო და საგარეო დარტყმების მსხვერპლები. დარჩებით სხვა ძალების წინაშე, რომელიც დაგშლით. ერთხელ უკვე დაიტანჯეთ ომით. მართლა გინდათ, შენარჩუნდეს სტატუს–კვო, რომელიც არაფერთან მიგიყვანთ? იმიტომ, რომ ჩვენი გამოცდილებით, ან უერთდები ევროკავშირს და ნატოს, ან კვდები. სხვა ალტერნატივა არ გაქვთ" - თქვა ​ჟიგიმანტას პავილიონისმა.

ამავე განცხადებაში მან ხელისუფლებას დათმობაზე წასვლისკენ მოუწოდა: "ესაუბრეთ ერთმანეთს, შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები, გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტეთ პოლიტიკური საქმეები სასამართლოში, რომელიც პროცესს ხელს არ უწყობს და დაიწყეთ ხიდების აგება მომავლისთვის. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმედი მაქვს, ნიკა მელიას საქმე დადებითად გადაწყდება."

პოლიტიკოსებთან შეხვედრამდე პავილიონისმა თვითერზე დაწერა, რომ ლიეტუვა საქართველოს გვერდით იდგა ყოველთვის, მისთვის ყველაზე რთულ დროსაც კი.

საქართველოში გაღრმავებულ პოლიტიკურ კრიზისსა და მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე საერთაშორისო პარტნიორებმა განცხადებების გაკეთება მას შემდეგ განაახლეს აქტიურად, რაც სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოაცხადა, მოქმედმა პრემიერმა გუნდში აზრთა სხვადასხვაობის გამო მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა და ქართულმა ოცნებამ პრემიერის ახალ კანდიდატად მოქმედი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S