ძიძიგური – დაპატიმრებებზე: „ეს სიბრიყვის დემონსტრირება უფროა, ვიდრე ძალის“
20/02/2021 12:23:33 პოლიტიკა
საშინელი რამ ხდება,– ასე ეხმიანება ბოლო ორი დღის განმავლობაში სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას კონსერვატორი ზვიად ძიძიგური.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით „ქართული ოცნება“ „ცეცხლზე ნავთს ასხამს“, რაც დაუშვებელია.
„გახარიას გადადგომამ პროტესტანტების გააქტიურება გამოიწვია, რომლებიც უკვე რა ხანია, პროტესტს გამოხატავენ. 20–ჯერ მაინც ვარ დაპატიმრებული ეროვნული მოძრაობის დროს. ჩათვალეთ, საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ გამობრძმედილი გვარდია შეემატა ოპოზიციას. გინახავთ, დაპატიმრების შემდეგ შეშინებული და შინ დამჯდარი ადამიანი? ადამიანებს პატიმრობის შემდეგ მოტივაცია ემატებათ. ეს სიბრიყვის დემონსტრირება უფროა, ვიდრე ძალის“,– აცხადებს ძიძიგური.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა 19 თებერვალს პარლამენტთან კარვის გაშლა სცადეს, რასაც დაკავებები მოჰყვა. იგივე პროცესი გაგრძელდა დღესაც.


