"დიდი დრო დავკარგეთ და დღესაც ვკარგავთ გაუთავებელ დაპირისპირებასა და პოლარიზაციაში"
21/02/2021 07:49:25 პოლიტიკა
"დიდი დრო დავკარგეთ და დღესაც ვკარგავთ გაუთავებელ დაპირისპირებასა და პოლარიზაციაში", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის წინსვლის გზა მხოლოდ ერთიანობასა და საერთო მიზნისაკენ შეთანხმებული ნაბიჯებით სვლაშია.
"მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად, შიგნიდან თუ გარედან, ხელს უშლიდნენ ქვეყანაში მიმდინარე ეროვნულ და დემოკრატიულ პროცესებს, ვერავინ გვათქმევინა უარი ჩვენს ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებზე, რომლებიც 1921 წლის კონსტიტუციამ განამტკიცა. ეს თარიღი - ასი წელი - ნათლად გვაჩენებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო და არის ქვეყნის წინსვლისთვის - დამოუკიდებლობიდან დღემდე - ერის ერთსულოვნება. კონსტიტუცია ის ღერძი და ხერხემალია, რომელიც კრავს სახელმწიფოს და ზურგს უმაგრებს მას. ამდენად, კონსტიტუცია, ერთი მხრივ, არის ჩვენი სულიერი, ისტორიული და სამართლებრივი კავშირი ჩვენი ქვეყნის წარსულთან. ამავე დროს ის დღევანდელი სახელმწიფოს რეალური საყრდენი და ასევე, ჩვენი მომავლის ფუნდამენტია. აქედან ნათელი უნდა იყოს, რომ ჩვენი სამართლებრივი საყრდენის რღვევა, სახელმწიფოს რღვევაცაა! გამსახურდიას ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა კონსტიტუციის პირდაპირი უგულებელყოფა იყო. ყოველი ამგვარი მცდელობა დღესაც (თუნდაც ზვიადისა და მერაბის სახელების გამოყენებით) პირველ კონსტიტუციაში ასახულ ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინიცპებს და, შესაბამისად, ჩვენს სახელმწიფოებრიობას ეწინააღმდეგება!
დიდი დრო დავკარგეთ და დღესაც ვკარგავთ გაუთავებელ დაპირისპირებასა და პოლარიზაციაში. წინსვლის გზა კი მხოლოდ ერთიანობასა და საერთო მიზნისაკენ შეთანხმებული ნაბიჯებით სვლაშია.
ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ სამართლის ტრადიციებით, საქართველოს სხვადასხვა მხარეში განვითარებული სამართლის ისტორიული ადათ-წესებით. ეს ტრადიცია ქმნის ჩვენი კონსტიტუციონალიზმის განსაკუთრებულობას. ეს ტრადიცია გრძელდება დღემდე. მინდა, გამოვხატო პატივისცემა ყველა კონსტიტუციონალისტის მიმართ. მათ მიმართ, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩვენი 1995 წლის კონსტიტუციის შექმნასა და შემდგომ მასში შეტანილი ყველა ცვლილების ჩამოყალიბებაში. შეგვიძლია ყველამ ერთად ვიამაყოთ კონსტიტუციის ბოლო რედაქციით. ეს ახალი რედაქცია ეფუძნება ადამიანის ღირსების, როგორც უზენაესი ღირებულების, იდეას. იგი აწესებს დახვეწილ, ახალი ტიპის ევროპულ საპარლამენტო მმართველობას, ძლიერი პარლამენტით, ძლიერი ბერკეტებით ოპოზიციის ხელში, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებით და ზეპარტიული პრეზიდენტით. აწესებს მთელ რიგ ახალ უფლებებს - სოციალურს, საზოგადოებრივს, ეკოლოგიის თუ ჯანდაცვის დარგში, რითაც წამყვანი კონსტიტუციების რიგებში ეწერება. მე, პირადად, ამაყი ვარ, რომ ვეკუთვნი იმ ემიგრაციას, რომელიც 1921 წლის კონსტიტუციით ცოცხლობდა და ბოლომდე სწამდა მისი აღდგენისა. ამაყი ვარ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან პრეზიდენტის უმაღლესი ვალდებულება სწორედ კონსტიტუციის და მისი პრინციპების ერთგულებაა.
მჯერა, რომ ერთსულოვნებითა და მთავარი ფასეულობების გარშემო გაერთიანებით საქართველო გახდება ძლიერი ევროპული სახელმწიფო - სწორედ ისეთი ქვეყანა, როგორზეც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები, რომლებმაც მიიღეს საქართველოს პირველი კონსტიტუცია. ისეთი, როგორსაც ჩვენი კონსტიტუცია გვკარნახობს. ჩვენს კონსტიტუციას ჯერ კიდევ გარდამავალი სახე აქვს, რამეთუ ჩვენ გადასალახი გვაქვს უმთავრესი გამოწვევა - გაუცხოება ჩვენს განუყოფელ ნაწილთან, აფხაზ და ოს ხალხებთან, საქართველოს ხალხის გამთლიანება, ჩატეხილი ხიდის აღდგენა და ერთად კონსტიტუციის დასრულება - ეს არის ჩვენი მიზანი. ამ მიზნისკენ გადადგმული ერთი მცირე, მაგრამ სიმბოლური ნაბიჯია საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის თარგმნა და გამოცემა აფხაზურ ენაზე", – განაცხადა პრეზიდენტმა.
21 თებერვალი საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეა. 100 წლის წინ ამ დღეს, 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა.


