ოპოზიციამ დაანონსებული აქცია გადადო და ხელისუფლებას დიალოგს სთავაზობს
21/02/2021 15:19:59 პოლიტიკა
ოპოზიცია გეგმავს, 25 თებერვლისთვის დაანონსებული საპროტესტო აქცია გადადოს. ამის შესახებ ენმ–ის წევრმა ხატია დეკანოიძემ ლიეტუვის საგარეო კომიტსტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად, იმისთვის, რომ კომპრომისის სივრცე მივცეთ ხელისუფლებას, მზად ვართ, გადავდოთ აქცია“,– განაცხადა დეკანოიძემ.
ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიყენოს შანსი და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.
დიალოგის მოწოდებით გამოდის ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეც. როგორც პავილიონისმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ქვეყანა ვერ განვითარდება და ვერ შეძლებს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
მან საქართველოს კონსტიტუციის 100 წლის იუბილეც მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ტრანსატლანტიკურ ოჯახში ბევრი მეგობარი ჰყავს.
"ჩვენ გვინდა თქვენი თავისუფლება, თქვენი კონსტიტუციური ღირებულებები იყოს დაცული და კონსოლიდირებული ტრანსატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ დაიმკვიდროთ ადგილი ჩვენს შორის, მაგრამ ამისთვის უნდა აჩვენოთ მზაობა.
მე ვმონაწილეობდი ჩემი ქვეყნის წევრობისთვის მოლაპარაკებებში, კოპენჰაგენის დემოკრატიის კრიტერიუმების მიხედვით. ეს მნიშვნელოვანი იყო მაშინ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ახლა. მსოფლიოში დემოკრატია მცირდება. დემოკრატია დარტყმის ქვეშაა ყველგან, ვაშინგტონის ჩათვლით. ეს ნიშნავს, რომ დემოკრატია ხდება უდიდესი დედაქალაქების საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის ცენტრი.
ასე რომ, ვასრულებ ჩემს ვიზიტს, მაგრამ იმედს გამოვთქვამ, სხვებიც ჩამოვლენ და კონცენტრირდებიან დემოკრატიაზე საქართველოში. იმიტომ, რომ დემოკრატიის, სხვების აზრის პატივისცემის, ოპოზიციასთან მუშაობის გარეშე, მათი ხმების მოსმენის და უფლებების დაცვის გარეშე თქვენ ვერ გახდებით ევროკავშირის და ნატოს წევრები", - განაცხადა ლიეტუველმა პოლიტიკოსმა.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ მისი ვიზიტის შემდეგ ქვეყანას სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებიც ეწვევიან და "შეუერთდებიან ამ კოალიციას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საქართველოში".
"იმედი მაქვს, რომ მთავრობა გამოიჩენს დიალოგის კეთილ ნებას, დაპირისპირების და რეპრესიების ნაცვლად. მარჯვენა და მარცხენა უნდა შეთანხმდეს ტრანსატლანტიკური მიზნებისთვის. ეს ერთადერთი გზაა. თქვენ ვერასდროს გახდებით ნატოს და ევროკავშირის წევრები მხოლოდ ერთი პარტიით. ეს არ არის დემოკრატია", - განაცხადა პოლიტიკოსმა.


