„რუსეთი ისვენებს: „წამოწოლილია“ და უყურებს, როგორ ვჭამთ ერთმანეთს“

22-02-2021 16:37:40 ანალიზი

ეს არის კარის გადატრიალება,– ასე აფასებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „აქცენტთან“ სახელისუფლებო გუნდში განვითარებულ პროცესებს.

„მელია მხოლოდ საბაბია“

ზაქარეიშვილის შეფასებით, რეალურად საქმე პარტიაში გავლენების გაძლიერების პროცესთან გვაქვს: რომელი ჯგუფი უფრო ძლიერად იქნება თვითმმართველობის არჩევნებისთვის წარმოდგენილი, რომ შემდეგ უკვე საპარლამენტო არჩევნებისთვის შეძლოს იგივე პარტიული სიის დაკომპლექტება:

„კახა კალაძეს გუნდში მუდმივად ჰქონდა მყარი პოზიციები – დედაქალაქის არჩეული მერია და მუდმივად ჰყავს თავისი გუნდი. ამ დროს გამოჩნდა თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი და გაიმყარა პოზიციები კახეთში. პროცესები მიდიოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისკენ და ამ დროს მნიშვნელოვანია, ვის რა გავლენა აქვს ადგილზე. გიორგი გახარიამ კი გუბერნატორებად ყოფილი პოლიციელები დანიშნა და ამით აშკარად გაიძლიერა პოზიციები, ხოლო ირაკლი კობახიძის გუნდს რეგიონებში გავლენა არ აქვს. მათ გავლენა აქვთ, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის სიმპათიებში, მაგრამ რეგიონებში იმ რაოდენობით ხმებს ვერ მოაგროვებდა, რამდენსაც გახარია სამეგრელოში, კალაძე – თბილისში, ქვემო ქართლში, იმერეთში, ღარიბაშვილი – კახეთში. ანუ საარჩევნო ხმების მოზიდვის კონფიგურაცია გადანაწილდა. კობახიძის გუნდის წევრები კი ძირითადად თბილისელი ბიჭები არიან, მათ „წილში“ კალაძე უზით, მიხვდნენ, რომ გავლენებს კარგავენ, ადგილობრივ არჩევნებზე კი პარტიაში ვინც მეტ ხმას მოიტანს, ის ხდება ლიდერი საპარლამენტო არჩევნებზე. ამიტომ მოუწიათ პრინციპული პოლიტიკის დაყენება: აიძულეს გახარია, მათი „თამაში“ ეთამაშა. მელია ამ დროს საბაბია: უფრო დიდი თამაშებია მანდ, ვიდრე მელიას დაკავება თუ არდაკავება. გახარიას ისედაც აქვს „სისხლის კვალი“ „გავრილოვის ღამიდან“ გამომდინარე და სურდათ, ხელი მასზე „შეეხოცათ“. ვფიქრობ, ის მიხვდა, რა „თამაშში“ ითრევენ და მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება. მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ სჯობდა, დარჩენილიყო და იქ ვიღაცეების თავები „გაეგორებინა“, თუმცა გამოსვლითაც „საქმე გახეთქა“. ამის კარგი ილუსტრაციაა, რომ მას მიჰყვა მაია ცქიტიშვილი – ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ერთგული და სანდო ადამიანი: მან დაინახა, რომ ივანიშვილმა ფსონი ცალსახად და მკაფიოდ დადო კობახიძეზე. ორივე პროცესიდან გამოვიდა იმიტომ, რომ ვერ გაუმკლავდებოდნენ კობახიძის გუნდის მზარდ, უტიფარ პოლიტიკას“.

ივანიშვილის როლი

„საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს სიტუაციას კობახიძის გუნდი მართავს. გახარიამ და ცქიტიშვილმა დაინახეს, რომ ივანიშვილმა ყველა „კვერცხი“ კობახიძის კალათში ჩადო და დღეს ღარიბაშვილი უფრო კობახიძის გუნდს უნდა დაემორჩილოს, ვიდრე მუდმივად ივანიშვილზე იყოს მიბმული. შესაბამისად, ღარიბაშვილმა ეს რეალობა მიიღო, გახარიამ და ცქიტიშვილმა – არა. ამდენად, ივანიშვილი, ეჭვიც არ მეპარება, რომ არის, მაგრამ იშვიათად და ძალიან კრიტიკულ სიტუაციებში: მაგალითად, ვინ იქნება პრემიერ–მინისტრი, ვინ იქნება წამყვანი გუნდი. როგორც კი ივანიშვილმა წამყვან გუნდად კობახიძე დაასახელა, გახარიამ წასვლა გადაწყვიტა. ზუსტად ერთი კვირით ადრე მან გუბერნატორები შეცვალა, აპარატის უფროსად საკუთარი კადრი დანიშნა – ქემოკლიძე. ანუ ის წასვლას არ გეგმავდა, პირიქით: ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებას აპირებდა, რათა შემდეგ „კარზე“ ვითარება „დაელაგებინა“.

რატომ ღარიბაშვილი?

ზაქარეიშვილი, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ დღევანდელი ღარიბაშვილი „ძველისგან“ განსხვავდება:

„მგონია, რომ დღეს მასთან ვერ ვიმუშავებდი“.

ზაქარეიშვილი განმარტავს, რომ პირველ ჯერზე ღარიბაშვილი პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე ივანიშვილის ფონზე დაინიშნა, ქვეყანაში კი დღევანდელისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული საზოგადოებრივი განწყობები სუფევდა, იყო განსხვავებული პოლიტიკური და ეკონომიკური კონტექსტი. სადღეისოდ კი ივანიშვილი არ ასოცირდება წარმატებასთან, არც კობახიძეს აქვს მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა:

„მაშინ ერთგვარი ბმა იყო ივანიშვილთან. დღეს კი ივანიშვილი წარმატებული არაა – ფართო საზოგადოებაში მის მიმართ დამოკიდებულება არსებითად შეიცვალა უარყოფითისკენ. ამასთან, ღარიბაშვილი დღეს „ჩამოკიდებულია“ მკვეთრად არაპოპულარულ კობახიძეზე. ამდენად, სად მსგავს კობახიძეზე „ჩამოკიდება“ და სად – იმჟამინდელ ივანიშვილზე. საკმარისი იყო, კრიზისში შესულიყო ღარიბაშვილი, რომ მას „ზარი ახლობელთან“ შველოდა. არც ივანიშვილი მალავდა, რომ ის ჩართული იყო პოლიტიკურ პროცესში“.

მიუხედავად რეალობისა, ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილი ისევ პარტიული მოცემულობიდან გამომდინარე, ივანიშვილისთვის კომპრომისული კანდიდატია. ის იხსენებს ერთ დეტალს: გახარიას განცხადების შემდეგ, რომ ტოვებს თანამდებობას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საზოგადოებას ამცნო, „ხვალ დავასახელებთ კანდიდატსო“, თუმცა, აღმოჩნდა, რომ გახარიას შემცვლელი ორ საათში უპოვეს.

„ვფიქრობ, მაინც ივანიშვილმა თქვა, „არავითარი ხვალ, არავითარი სხვა“. ღარიბაშვილი კომპრომისული ვარიანტია: ივანიშვილს მართლა არ უნდა პოლიტიკა, მას მშვიდი ცხოვრება სურს, მაგრამ თუ გაუჭირდა, პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს, რაც მისთვის ყველაზე საშინელი სიზმარი იქნება. და იმისთვის, რომ მომავალში პოლიტიკაში დაბრუნება არ დასჭირდეს, სანდო და ერთგული ადამიანი სჭირდება. ხედავს, რომ კობახიძე არაპოპულარულია, ვერ გაუმკლავდებოდა გამოწვევებს, კრიტიკულ ვითარებაში კი შესაძლოა, რამე დაემალა ივანიშვილისთვის, ხოლო ღარიბაშვილი მისთვის სანდოა, მით უფრო, რომ ის მეტადაა მზად თანამშრომლობისთვის, ვიდრე გახარია“.

ზაქარეიშვილის ანალიზით, იმ გარემოებას, რომ „ოცნებაში“ რადიკალური ფრთა გაძლიერდა და ღარიბაშვილის წინა პლანზე წამოწევით კონკრეტული გზავნილი შეირჩა, აჩვენებს ბოლო ორი დღის მოვლენები: პარლამენტთან საპროტესტო კარვის გაშლისთვის პოლიციამ ათობით აქტივისტი დააკავა.

„აშკარად აღებულ იქნა ტენდენცია, რომ ენმ უნდა „დამარხონ“. ეს ტენდენცია არ არგებს არც მათ და არც სახელმწიფოს. ეს აგრესიული რიტორიკა ჩანს დარბევების კონტექსტშიც: პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ჩვენთვის წმიდა ადგილია და კარვები ყოველთვის იყო გაშლილი. საზოგადოებრივ სივრცეში მსოფლიოს მასშტაბით კარვები ყველგანაა გაშლილი. ეს აშკარად ახალი სტილია, გაფრთხილება და ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიაში გადავიდა, თუმცა არა ვადამდელის, არამედ, ადგილობრივისთვის.

თვითმმართველობის არჩევნების შედეგები, როგორც გარანტია „ოცნებისთვის“

„თუ საზოგადოება გაიაზრებს, რომ რაც ხდება, საშინელებაა და ქუჩაში გამოვა, მაშინ, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ "დღეები" დათვლილია, მაგრამ თუ ჩათვალა, რომ მათთვის არაა მნიშვნელოვანი, ვინ იქნება ხელისუფლებაში, ეს იქნება სამწუხარო ფაქტი, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ თავისი გაუვა – ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას მიაღწევს, რაც მათთვის გარანტია იქნება, რომ 2024 წლამდე ვადამდელ არჩევნებზე საუბარი შეწყდეს.

მესმის, ოპოზიციისთვის კარგი შანსია, ხელახლა დააბრუნონ ვადამდელი არჩევნების თემა დღის წესრიგში, საზოგადოებას მობილიზაციისკენ მოუწოდოს, მაგრამ თუ გამოვიდა, რომ მათ ხალხი გვერდში არ უდგას, ისევე როგორც „ქართულ ოცნებას“, ადგილობრივ არჩევნებამდე არაფერი შეიცვლება და სჯობს, ოპოზიცია დაფიქრდეს, თვითმმართველობის არჩევნებში ეფექტურად ჩაერთოს“.

საერთაშორისო პარტნიორები: „საქართველოს გადარჩენაა საჭირო“

ზაქარეიშვილის ანალიზით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება შეიცვალა, რაც მნიშვნელოვანწილად თანამდებობიდან გახარიას გადადგომამ განაპირობა:

„როდესაც პრემიერ–მინისტრი თანამდებობიდან მიდის, ეს ხუმრობა არაა: ასე საქართველოში პრემიერ–მინისტრი არ წასულა. მსგავსი დონის იყო სპიკერის პოზიციიდან ზურაბ ჟვანიას გადადგომა – მაშინ ეპოქა შეიცვალა და რევოლუცია მოხდა. ქვეყანაში, სადაც პრემიერ–მინისტრებს აგდებენ, გახარიას გადაწყვეტილებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა მათში, ვისაც ესმის საქართველოში მიმდინარე პროცესები – ევროკავშირში და აშშ–ში. ამდენად, დამოკიდებულება ბუნებრივად შემოტრიალდა: ხედავენ, რომ „ქართლი ოცნება“ ღრმა კრიზისშია და არ იცის, რა გააკეთოს“.

ზაქარეიშვილის შეფასებით, საქართველო დასავლეთისთვის კავკასიაში ერთ–ერთი სანდო სახელმწიფოა, მით უფრო, რომ ყარაბაღის მოვლენებმა აჩვენა რეგიონის აქტორების ძალისმიერ მეთოდებზე აქცენტირება:

„ამ ფონზე საქართველო ჯერ კიდევ ბჟუტავს, როგორც დემოკრატიის „შუქურა“. ამიტომ, საქართველოს გადარჩენაა საჭირო. თუ საქართველოში დემოკრატია გადარჩება, შანსები, რომ სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩრდილოეთ კავკასიაში დემოკრატიის მეტი ექსპორტი მოხდეს, გაიზრდება. სწორედ ამიტომ, დასავლეთი ცდილობს, საქართველოში არა რომელიმე პარტია, არამედ დემოკრატიის მხარდაჭერა გადაარჩინოს“.

მაგრამ ის ფაქტი, რომ ღარიბაშვილი იქნა პრემიერ–მინისტრად არჩეული და „ოცნებში“ რადიკალური ფრთა გაძლიერდა, ზაქარეიშვილის ანალიზით, მეტყველებს ერთადერთზე: „ოცნება“ არ აპირებს, დასავლეთის მიერ მორალის კითხვას ანგარიში გაუწიოს“:

„მათთვის მთავარია არა დასავლეთთან თამაში, არამედ, ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება, რათა ვადამდელ არჩევნებზე საუბარს წერტილი დაუსვან – ესაა მთავარი ამოცანა. ამის შემდეგ კი მიუბრუნდებიან დასავლეთს, „ხალხი ჩემს მხარესაა, გავიმარჯვე არჩევნებში, სადაა ოპოზიციის ადგილი?!“.

"ხელს ჩაიქნევენ"

მსგავს დამოკიდებულებას კი თავისი ფასი აქვს:

„ჩვენ უფრო და უფრო ვხდებით პოსტსაბჭოთა სივრციდან ბელარუსის დონის სახელმწიფო. მაგრამ ბელარუსის მშურს: ხალხი ქუჩაშია, ბრძოლა მიდის დემოკრატიისთვის. ამდენად, ბელარუსზე უფრო დაბალი კატეგორიის ქვეყანა გამოვდივართ. ხალხი ლიდერის გარეშეა ქუჩაში, ჩვენთან კი ოპოზიცია ლიდერებითაა სავსეა, მაგრამ ხალხი არაა ქუჩაში. ამდენად, პროცესები თუ ამგვარად განვითარდა, ჩვენ ჩავდგებით პოსტსაბჭოთა ქვეყნების რიგში, რომელთაც არ შესწევთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების უნარი და არც შესაბამისი სურვილია საზოგადოებაში. ხელსაც ჩაიქნევენ, „რა ვქნათ, ქართველებისგან არაფერი გამოდის“,– შიშობს ზაქარეიშვილი.

ის საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში გამოთქმულ შეშფოთებაზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტზე და კომენტარებზე:

„ისინი კარგად ხედავენ, რომ ჩვენი შიდა საქმეები ძალიან აწყობს რუსეთს. „რაში გჭირდებათ რუსული ტანკები, თავად ხოცავთ ერმანეთსო“ – ერთ–ერთმა ფანტასტიკური სიტყვები თქვა: რუსეთი ახლა ისვენებს – წამოწოლილია და უყურებს, როგორ ვჭამთ ერთმანეთს“.

„მეტი სიმკაცრეა საჭირო"

ზაქარეიშვილის შეფასებით, შექმილი პოლიტიკური კრიზისი, მით უფრო, რომ პარლამენტში მრავალპარტიულობის იმიტაციას ქმნის, თუმცა რეალურად საკონსტიტუციო კვორუმი არ აქვს და მაინც აღნიშნავს კონსტიტუციის 100 წლისთავს, მის ინტერესში შედის, რათა ბრალდების მთავარი ადრესატი ოპოზიცია იყოს და არც დიალოგისთვისაა მზად:

„ცდილობენ, მიბობღდნენ თვითმმართველობის არჩევნებამდე. საერთაშორისო პარტნიორების მეტი ჩართულობაა საჭირო. მესმის, რომ მათ გული აუცრუვდათ, არ სურთ, ფასილიტატორები იყვნენ იმ პროცესში, სადაც არაფერი გამოდის და ამიტომაც არც აქტიურობენ, ამიტომაც „გამოიკიდა“ ჰაერში მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი“.

ზაქარეიშვილს ჩიხური ვითარებიდან გამოსავლის ერთადერთ გზად ვადამდელი არჩევნები ესახება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მიუხედავად კრიზისისა, „ოცნება“ მსგავს სურვილს არ ამჟღავნებს და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, ფიქრობს, რომ ქვეყნის დასავლელი პარტნიორები მეტად უნდა გააქტიურდნენ:

„მეტი სიმკაცრეა საჭირო. განცხადება აშშ–ის სახელმწიფო მდივნის დონეზე მაინც, „სად მიდიხართ, რას აკეთებთ?“. როგორც პომპეო ჩამოვიდა, ამ ტიპის ვიზიტია საჭირო, რათა ცალსახად ითქვას, „რომ მიუღებელია, არ იყოს დიალოგი, არ გამოინახოს საერთო ენა“. ვიზიტებს დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის“.

მელიას საქმე

რაც შეეხება უშუალოდ ნიკა მელიას თემას, იმ კონტექსტში, რომ ზაქარეიშვილის შეფასებით, „ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისს შეუდგა, მელიას დაკავება მის ინტერესში არ შედის და არ ფიქრობს, რომ საქმე საბოლოოდ მივა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსულებამდე:

„მელიას დაპატიმრება ოპოზიციას ძალიან გააძლიერებს. ფიზიკურად მას არაფერი ემუქრება, მაგრამ ერთი ორად პოპულარული გახდება. წამყვანი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის პოპულარულობა კი მათ ინტერესში არაა. ამიტომ, მგონია, რომ კრიტიკულ ვითარებაში პრეზიდენტის მხარდაჭერას გამოიყენებენ. თუ ასე არ მოხდა, ძალიან გამიკვირდება და ეს ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი იქნება“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები