"მინდა, განვმარტო ჩვენი გულშემატკივარი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, რომელიმე პარტიის თავმჯდომარეობა ინდულგენცია არ იქნება"
22/02/2021 12:39:57 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "საქართველოს გულშემატკივარი ქვეყნების წარმომადგენლებმა ნიკა მელიას საქმის "დეტალები, რეალური საფუძველი და შინაარსი" არ იციან.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომელიმე პარტიის თავმჯდომარეობა ინდულგენცია არ იქნება:
"მინდა, განმარტება გავაკეთო ჩვენი გულწრფელი, გულშემატკივარი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, ზოგიერთი გულწრფელად არის შეიძლება, შეწუხებული, რომ აქ მიმდინარეობს რაღაც გამოძიება. ისინი დეტალებში არ არიან ჩასულები და არ იციან რეალურად ინფორმაცია, რეალური საფუძველი და შინაარსი ამ საქმეების. საქმე გვაქვს ძალიან ცნობილ დამნაშავესთან ბატონ ნიკანორ მელიასთან. სასამართლომ იგი გამოაცხადა დამნაშავედ. ის არის კრიმინალი, რომლიც 1 თუ 2 თვის წინ მოგვევლინა პარტიის თავმჯდომარედ. რევოლუციური, დესტრუქციული პარტიის თავმჯდომარედ ერთადერთი მოტივით, რომ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან წარმოაჩინონ ვითარება იმგვარად, თითქოს ჩვენ ვდევნით პარტიის თავმჯდომარეს. ... მე ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ორგანიზებული შტურმი მოხდა 2019 წლის ივნისის თვეში...ჩვენ საქმე გვქონდა სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობასთან, შტურმის ორგანიზებით პარლამენტის აღების მცდელობასთან. როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ვსაუბრობდით, ვეკითხებოდით - როგორ რეაგირებას მოახდენს სახელმწიფო თუ ანალოგიური შტურმი განხორციელდებოდა, მაგალითად, ბრიუსელში, პარიზში, გერმანიაში, აშშ-ში. ვნახეთ კიდევაც, რომ კაპიტოლიუმზე მოხდა შტურმის მცდელობა, რაც დასრულდა იმით, რომ 150 ადამიანი დააკავეს და ადგილზე მოხდა 4 ადამიანის ლიკვიდირება. ნიკა მელიას საქმეზე, რომ ვსაუბრობთ ამ განმარტებას ვაკეთებთ ჩვენი მეგობრებისთვის, რომ შეცდომაში არ შევიყვანოთ - ინდულგენცია არ იქნება, რომელიმე პარტიის თავმჯდომარეობა და ისინი ალიბს ვერ შეიქმნიან და მართლმსაჯულებას თავს ვერ დააღწევენ. სხვა შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა, კანონი, კონსტიტუცია", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, "ოპოზიციას არ სურს არც რიგგარეშე არჩევნები, არც სამართლიანი არჩევნები, არც დემოკრატიული არჩევნები, მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა".
"სწორედ ამიტომ არიან ისინი გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, სწორედ ამიტომ, მეგობრებო, უმოკლეს ვადაში ერთერთი პირველი ჩემი ამოცანა და პრიორიტეტი იქნება რაც შეიძლება მოკლე ვადაში აღვადგინოთ ჩვენ კონსტიტუციური წესრიგი ამ ქვეყანაში, რომ არავინ არ იდგეს ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა და კანონი უნდა აღსრულდეს", – დასძინა მან.


