„შეცდომა მეც მომდის“– ღარიბაშვილი „კლანთან“ დაკავშირებით კითხვას პასუხობს
22/02/2021 15:28:46 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატ ალეკო ელისაშვილის მიერ კლანთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. ელისაშვილმა შეახსენა ღარიბაშვილს ნათესავებთან დაკავშირებული ცნობილი სკანდალი და ჰკითხა, აგეს თუ არა ამ ადამიანებმა პასუხი, გარდა იმისა, რომ ღარიბაშვილმა ურთიერთობა გაწყვიტა, რა სახის ზიანი მიაყენეს მათ სახელმწიფოს და რით არის ქვეყანა დაზღვეული ამ სახის პერსონების კვლავ აღზევებისგან ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგ.
„როგორც ჩანს, ამ „ნაცების“ რიტორიკას ხართ აყოლილი, მათ მოგონილ, რაღაც...თითქოს კლანი მაქვს. არ მაქვს და არც მქონია არავითარი კლანი. თუ კონკრეტული გვარები და ჩემი ურთიერთობები გაინტერესებთ, მე მგონი, მოსახლეობისთვის საინტერესო არაა.
ზოგადად გეტყვით, რომ თუ ვინმესთან ურთიერთობა გავწყვიტე, ეს იმიტომ მოხდა, რომ ...იმის თქმა მინდა, რომ ამ ადამიანმა სახელმწიფოს კი არ მიაყენა ზიანი, მე დავზიანდი ყველაზე მეტად. ეს იყო 6 წლის წინ. შეცდომა ყველას მოსდის, მეც მომდის. უშეცდომოები არავინ ვართ...ფილოსოფიური საკითია. შეგვიძლია, ამაზე ცალკე ვისაუბროთ და აგიხსნით ჩემს მოტივაციას და დამოკიდებლებას. მე წესბით ვცხოვრობ. ალბათ, ამ ფორმატში ამაზე საუბარი ცოტა უხერხულია. მაქვს წესები ურთიერთობაშიც, ოჯახის წევრი იქნება, თუ ნათესავი. ვინც ამ წესებს არღვევს, ვწყვეტ ურთიერთობას“,– უპასუხა ელისაშვილს ღარიბაშვილმა.


