თალაკვაძე მელიას დაკავების შემდეგ ოპოზიციას პარლამენტში შესვლას ურჩევს
23/02/2021 07:40:38 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ენმ–ის ლიდერის ნიკა მელის დაკავების შემდეგ ოპოზიციას პარლამენტში შესვლას ურჩევს.
"მივმართავ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არის ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, შემდეგი ნაბიჯი პროცესების დეესკალაციისკენ იქნება პარლამენტში უკვე და საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობა", – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, მელიამ "განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა, როდესაც გირაო განზრახ არ გადაიხადა".
"როდესაც ამბობ, რომ ქვეყნის ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას გამოხატვის თავისუფლებად ასაღებ, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც ამ შემთხვევაში მოხდა. ეს არის სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება. სახელმწიფო კანონის ფარგლებში მაქსიმალურად კომპრომისული იყო მელიას მიმართ. აშკარაა რომ მან განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა. სამართალდამცეველებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა", – განაცხადა თალაკვაძემ.
ამასთან, მან მომხდარზე პასუხისმგებლობა, "მელიას იმ თანაგუნდელებს დააკისრა, რომლებიც მას არწმუნებდნენ, რომ კანონის მიმართ დაუმორჩილებლობის გზა არის დემოკრატიული".
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტრუმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.


