კალაძე – სპეცოპერაციის შემდეგ: „დიალოგს და ცივილურ ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს“
23/02/2021 07:52:40 პოლიტიკა
დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენმდივანი კახი კალაძე ენმ–ის ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა.
მან მედიისთვის მიცემულ მოკლე კომენტარში რამდენიმე აქცენტი დასვა: დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და რადიკალიზმი უნდა დასრულდეს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მას თანაპარტიელებისგან განსხვავებით, უშუალოდ ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მისამართით მძაფრი განცხადებები არ გაუკეთებია:
„საბედნიეროდ, სპეცოპერაციისას არავინ დაშავებულა, რაც მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ჯერ კიდევ არ ვართ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე. ჯერ კიდევ არ გვაქვს გაჯერებული კანონის პატივისცემა, რაც ავტომატურად იწვევს ერთმანეთის და სახელმწიფოს უპატივცემულობას. ახლაც და მომავალშიც დიალოგს და ცივილიზებულ ურთიერთობას არ აქვს ალტერნატივა. ერთადერთი, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა პოლიტიკური პარტიებისთვის, სახელმწიფოს განვითარებისთვის, ესაა რადიკალიზმი, რაც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში“.
მას არ უპასუხია კითხვაზე, რამდენად უწყობს ხელს დღეს განხორციელებული ღონისძიება დიალოგს და პოლარიზაციის შემცირებას.
რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოების მრიდან დაფიქსირებულ კრიტიკას, კალაძე ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა ევროკავშირში გაწევრიანებაა და „არასწორია, თითქოს ამ გზას გადავუხვიეთ“.
ცნობისთვის: 23 თებერვალს ენმ–ის ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნიკა მელია დააკავეს. დღესვე, 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან აქციაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილის კანდიდატურის წამოყენების შემდეგ კალაძემ ერთგვარი მიმართვა გაავრცელა და ისურვა, რომ ის საზოგადოების გამაერთიანებელი იქნება:
"მინდა, ირაკლის [ღარიბაშვილს] წარმატებები ვუსურვო. ვისურვებდი, რომ ის ყოფილიყოს ქვეყნის და საზოგადოების გამაერთიანებელი და დამასრულებელი არსებული პოლარიზაციის, რაც ძალიან ცუდია ქვეყნისთვის და მისი განვითარებისთვის. რაც შეეხება ქალბატონ მაიას [ცქიტიშვილი], ეს იყო მისი გადაწყვეტილება [პოლიტიკიდან წასვლა]. მადლობა მას, გაწეული საქმიანობისთვის. მინდა, გიორგი გახარიას მადლობა გადავუხადო. ის იყო ჩვენი ქვეყნის პრემიერი და მადლობა მას".


