"რუსეთი გალელების მიწებზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსებას გეგმავს"

23-02-2021 15:39:12 კონფლიქტები

სანამ სამარცხვინო შიდა ომებით დაკავებულ თბილისს არ სცალია, რომ რეგიონში ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ შექმნილ სახიფათო რეალობაში ჯეროვანი სამოქმედო გეგმა და სხვა უამრავ მნიშვნელოვან გამოწვევასთან გასამკლაველად საჭირო ნაბიჯები განსაზღვროს, კრემლი დროს არც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კარგავს. მერამდენე თვეა, სოხუმის მესიჯები თბილისთან დიალოგისა და თანამშრომლობის თაობაზე უპასუხოდ რჩება. მოსკოვმა კი ამასობაში აფხაზების წინაშე «მეგობრისა და სტრატეგიული პარტნიორის» ნიღაბი საბოლოოდ ჩამოიხსნა და ღია ანექსიაზეა გადასული.

«აქცენტი» მთელი ამ თვეების განმავლობაში ამაოდ ცდილობს საქართველოს ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე საგანგაშო პროცესებისადმი. არადა, მოვლენები უკვე ელვის სისწრაფით ვითარდება. თანაც მომენტი, როცა რუსული საფრთხის პირისპირ მარტოდ აღმოჩენილმა აფხაზებმა თბილისს მიაპყრეს მზერა, შესაძლოა, აღარასოდეს განმეორდეს.

ჩვენი მასალების ქვეშ ხშირად ვკითხულობთ კომენტარებს, «სიახლე რაში მდგომარეობს? - აფხაზეთი ხომ ისედაც დიდი ხანია, რუსეთის კონტროლსაა დაქვემდებარებულიო»… მსგავსი მოსაზრება შესაძლოა, მხოლოდ მათ გაუჩნდეთ, ვინც იქ არსებული ვითარების შესახებ ზედაპირულ ინფორმაციასაც კი არ ფლობს და წარმოდგენა არ აქვს იმ უდიდეს სხვაობაზე, რომელიც რუსეთისა და საკუთარი «დამოუკიდებლობის» მიმართ მიდგომებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის არსებობს.

რეალობა ისაა, რომ რუსეთი ოკუპაციიდან ანექსიაზეა გადასული და ფორსირებულად, ერთი მეორეს მიყოლებით დგამს ნაბიჯებს, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას ახლა უკვე საკანონმდებლო დონეზე აქცევს მის საკუთრებად. ამ მიზნით სოხუმს ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს, რაულ ხაჯიმბას რეჟიმის დროს გამოეგზავნა «კანონმდებლობების ჰარმონიზაციის საფუძველზე ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების» 46-პუნქტიანი პროგრამა, რომლის საკვანძო პუნქტები რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობის მინიჭების, რუსეთის მოქალაქეებზე მიწებისა და უძრავი ქონების, ასევე ენერგეტიკული და სხვა სტრატეგიული ობიექტების გასხვისების აკრძალვის გაუქმებას ითვალისწინებს.

ახალი — ასლან ბჟანიას დე ფაქტო ხელისუფლება დროს მაქსიმალურად წელავდა და უკანასკნელი ძალებით ეწინააღმდეგებოდა პროგრამას, რომელიც აფხაზეთს საბოლოოდ აქცევს რუსეთის საკუთრებად. თუმცა მოსკოვი მისთვის ჩვეული მანერით დაუფარავ პრესინგზე გადავიდა: პანდემიის პირობებში აფხაზეთს დაფინანსება შეუწყვიტა, რისკ-ჯგუფში მყოფ პენსიონერებს ბარათებით სარგებლობა აუკრძალა და კუთვნილი თანხების მისაღებად საბანკო ფილიალებთან გრძელ რიგებში დგომა აიძულა, საკურორტო სეზონზე ფსოუზე დე ფაქტო საზღვარი ჩაკეტა და ა.შ. აფხაზები ეჭვობენ, რომ ტყის ამასწინანდელი ხანძრებიც რუსული დივერსია იყო, მოწყობილი მას შემდეგ, რაც დე ფაქტო ხელისუფლება თურქეთს იქიდან შემოსატანი მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის საფასურის ხე-ტყით გადახდაზე მოურიგდა. ეჭვებს უჩენთ მათ რუსეთის ტერიტორიაზე გადამცემ ხაზ «კავკასიონის» ხშირი გათიშვებიც იმ პირობებში, როცა ენგურჰესი სარემონტოდაა გაჩერებული და აფხაზეთი სრულადაა დამოკიდებული რუსეთიდან დენის გადადინებაზე. ერთი სიტყვით, «სტრატეგიული პარტნიორი» ყველაფერს აკეთებს აფხაზეთის კუთხეში მოსამწყვდევად…

გასულ კვირას მორიგი საგანგაშო ინფორმაცია მივიღეთ: აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების დე ფაქტო მინისტრ კრისტინა ოზგანს, რომელიც მოსკოვში იყო ჩასული, წლების წინ გამოყოფილი ე.წ. სარკინიგზო კრედიტის (რომლითაც, სხვათა შორის, არაფერი გაკეთებულა და აფხაზებს რეალურად, ეს თანხა არც მოუხმარიათ) ერთიანად დაბრუნება მოსთხოვეს, ხოლო როდესაც «მინისტრისგან» მოისმინეს, რომ აფხაზურ მხარეს საამისოდ თანხა არ გააჩნია, კრედიტის, ასე ვთქვათ, ნატურით — აფხაზური სარკინიგზო მონაკვეთის რუსეთის საკუთრებაში გადაცემით დაფარვა «შესთავაზეს».

და უკანასკნელი საგანგაშო ინფორმაცია: მცოცავი ოკუპაცია, რომელსაც რუსეთი დღემდე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ახორციელებს, მოსკოვმა ახლა აფხაზეთის ტერიტორიაზე წამოიწყო. კერძოდ, რუსეთის ФСБ-ს ძალებმა ცოტა ხნის წინ დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის მთელს პერიმეტრზე, ახლა უკვე აფხაზეთის ტერიტორიის სიღრმეში 1,5 კმ-ის სიგანის ზოლი «მოინიშნეს» - მთელს ამ ზოლზე გავლებულია მავთულხლართები, მონტაჟდება საფორტიფიკაციო ნაგებობები. დაწყებულია მოსახლეობისთვის გაურკვეველი დანიშნულების სხვა ობიექტების მშენებლობაც, რომელიც, როგორც «აქცენტს» დე ფაქტო ხელისუფლებიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რეალურად, ახალი სამხედრო ობიექტები იქნება. მისივე ინფორმაციით, ამ ზოლში დაგეგმილია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსებაც.ცხინვალის რეგიონის მიმართულების მსგავსად, აქაც მავთულხლართმა რამდენიმე ადგილობრივი მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთებზე გაიარა. უკვე დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა «აკრძალულ» ტერიტორიაზე შესული საქონლის გამოსაყვანად გადასული ადგილობრივები დააკავეს და ოჯახებს მათ გასათავისუფლებლად თანხა მოსთხოვეს...…თუმცა ეს ყველაფერი ხება «სადღაც შორს», თბილისიდან რომ არ ჩანს. ამიტომაც საჩქარო არაფერია — ჯერ შიდა ომებს მოვრჩებით და მერე მივხედოთ.

"აქცენტი"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები