ნაცვლიშვილი: "POSTV მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადადის"

23-02-2021 15:51:42 პოლიტიკა ,საზოგადოება

"POSTV მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადადის", – ამის შესახებ აცხადებს ტელეკომპანიის ხელმძღვანელი ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ტელევიზიაში დაბრუნებამდე "ქართულ ოცნებაში" კონსულტანტად მუშაობდა.

"POSTV მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადადის! ჟურნალისტი, პირველ რიგში, ამ ქვეყნის მოქალაქეა და აქვს უპირობო ვალდებულება, გააკეთოს მკაფიო არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის. ნაციონალური სიმსივნე, რომელიც ოცი წელია, ჯიჯგნის ჩვენი სამშობლოს სხეულს, უნდა ამოიკვეთოს, ხოლო მისი მეტასტაზები - განეიტრალდეს, რათა დამშვიდდეს ქვეყანა და ნორმალური, დემოკრატიული განვითარების საშუალება მიეცეს. წილი ნაყარია! POSTV ამ ბრძოლაში წინა ხაზზე იქნება!", - წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.

ტელეკომპანია POSTV 2017 წელს დარეგისტრირდა. რეესტრში ატვირთული ბოლო დოკუმენტაციის მიხედვით, ტელეარხის მესაკუთრეები არიან: ნუგზარ რუხაძე 16%-იანი წილი; ზვიად ბლიაძე 16%-იანი წილი; შალვა რამიშვილი 24%-იანი წილი; ანა შენგელია 8%-იანი წილი, ვახტანგ კომახიძე 8%-იანი წილი და თემურ ჭარელაშვილი – 28%-იანი წილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტრუმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები