საერთაშორისო მედია: "პოლიციის შტურმმა გააღრმავა ის პოლიტიკური კრიზისი, რის გამოც გახარია თანამდებობიდან გადადგა"
23/02/2021 14:20:46 პოლიტიკა
საერთაშორისო მედია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და პარტიის ნიკა მელიას დაკავების ფაქტს ეხმიანება. მათი უმეტესობა აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიის ოფისზე "შტურმი განხორციელდა".
"პოლიციის შტურმმა გააღრმავა ის პოლიტიკური კრიზისი, რის გამოც გასულ კვირას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა", – წერს Reuters.
გარდა ამისა, თბილისში განვითარებულ მოვლენებზე იუწყება BBC.
“საქართველოში პოლიციამ ქვეყნის მთავარი ოპოზიციის ლიდერი, ნიკა მელია დააპატიმრა ძალადობრივი რეიდის დროს მისი პარტიის სათაო ოფისში “, — წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ მომხდარი დაგმეს როგორც აშშ-ის, ისე დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა.
"ეს უკანასკნელი ინციდენტი მოჰყვა ოპოზიციის ბოიკოტს პარლამენტის არშესვლასთან დაკავშირებით", –წერს BBC.
ენმ-ის ოფისში დღეს განვითარებულ მოვლენებს “ძალადობრივ რეიდად” მოიხსენიებს სააგენტო France 24-იც და დასძენს, რომ დღეს განვითარებული მოვლენები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავების წინაპირობაა.
გამოცემა Deutche Welle საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ რამდენიმედღიანი პროტესტის მიუხედავად, ნიკა მელია დააკავეს.
“საქართველოს ხელისუფლებამ დააპატიმრა ოპოზიციის ლიდერი, აღნიშნულმა გააღრმავა პოლიტიკური განხეთქილება სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში და კიდევ ერთი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო შეიყვანა კრიზისში. საქართველო, ქვეყანა 3.7 მილიონი მოსახლით, რომელიც შავ ზღვას ესაზღვრება, უფრო დემოკრატიულად მიიჩნეოდა, ვიდრე დანარჩენი ორი [ყაზახეთი, ბელარუსი], NATO-ში გაწევრიანების ამბიციით. თუმცა სამშაბათს სიტუაციის ესკალაციამ შესაძლოა, საბოლოოდ, მოსკოვის სასარგებლოდ იმოქმედოს თბილისი კი ძლიერ დასავლელ მოკავშირეებს დააშოროს.", — წერს Washington Post.
თბილისში მიმდინარე მოვლენებს დილიდან აშუქებს რუსული მედიაც. იგი იუწყება, რომ ცპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის ამჟამინდელი ლიდერის დასაპატიმრებლად. გამოცემა "Взгляд" აღნიშნავს, რომ “დააპატიმრეს საქართველოს ანტირუსული საპროტესტო აქციის ლიდერი მელია”.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტრუმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. მომხდარი მწვავედ გააკრიტიკეს საქართველოს პარტნიერი ქვეყნების ლიდერებმა და დიპწარმომადგენლობებმა.


