"მუშაობას ვიწყებთ საერთაშორისო სანქციებზე" – ვის მოიაზრებენ სანქცირებულთა სიაში
24/02/2021 09:15:07 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის შეფასებით, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებები „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მძიმეა.
„მთავარია ის ტალღა საერთაშორისო პარტნიორების, სტრატეგიული პარტნიორების, რომლებიც გამოხატავენ არა მხოლოდ შეშფოთებას, არამედ უკვე რეალურ ღონისძიებებზე ფიქრობენ. ძალიან კარგად ვიცით, რაც იქნება ეს ღონისძიებები. შემდეგი ნაბიჯი იქნება უკვე სანქციები. ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ საქართველოში არა მხოლოდ დემოკრატია, საქართველოს მომავალი არის საფრთხის ქვეშ. ამიტომ, ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნის გადასარჩენად და არა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის, გათავისუფლდეს ნიკა მელია, დაიწყოს უკვე რიგგარეშე არჩევნების ვადებზე მსჯელობა“, – განაცხადა დეკანოიძემ.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ „იწყებენ მუშაობას საერთაშორისო სანქციებზე იმ პოლიციელების, მაღალჩინოსნების, პროკურორების, მოსამართლეების წინააღმდეგ, ვინც ხელს უშლიან კანონის უზენაესობას და დემოკრატიას“.
"საერთაშორისო გამოხმაურებებს გამოხმაურებებს ვერ ვუწოდებდი, ეს არის ტალღა, რომელმაც პრაქტიკულად წალეკა „ქართული ოცნება“. მინდა, ვუთხრა ხელისუფლებას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ მსახურებს, რომ ამ ტლღის შემდეგ არის მეორე ძალიან დიდი ტალღა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ასე ვთქვათ, ძალიან მალე დაწესდება – ეს არის საერთაშორისო სანქციები, მათ შორის ჩვენ მუშაობას ვიწყებთ საერთაშორისო სანქციებზე არა მხოლოდ მთავარი ოლიგარქის წინააღმდეგ, რომელზეც დიდი ხანია, ვმუშაობთ, არამედ ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, იმ პოლიციელების, მაღალჩინოსნების, პროკურორების, მოსამართლეების, ვინც უშლიან ხელს კანონის უზენაესობას და დემოკრატიას. მაგალითად, როგორც ეს ბელორუსიაში იყო. ამაზე მქონდა გუშინ საუბარი მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ კონკრეტულ ადამიანებზე ასეთი სანქციები არის აუცილებელი, მათი გვარები აუცილებლად იქნება გამოაშკარავებული“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


