24-02-2021 14:27:18 კონფლიქტები
საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, აფხაზეთთან მიმართებაში 1990-იანების დასაწყისის მეთოდებთან შედარებით, "გაცილებით უფრო იეზუიტური სტრატეგია განახორციელოს" - განუცხადა აფხაზურ სააგენტო «Апсныпресс»-ს რუსეთის ნამდვილმა სახელმწიფო მრჩეველმა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან მოქმედი "ახალგაზრდობის საქმეთა კონფესიათაშორისი საზოგადოებრივი საბჭოს" თავმჯდომარემ ინალ არძინბამ.
«მუშაობს ქართულ-ევროპული პროგრამა «ჩართვა აღიარების გარეშე». ისინი იმის ჩვენებას ცდილობენ, რომ საქართველოში არსებობს ხარისხიანი მედიცინაც, სოციალური სტანდარტებიც, უსაფრთხოებაც, მაშასადამე, უმჯობესია, ვიცხოვროთ მათთან ერთად, ვიდრე მათ გარეშე. ქართველები მიგვანიშნებენ: «ჩვენი სახლი უკეთესია, დაგვიბრუნდით». მაგრან ჩვენ ჩვენი სახლი გვაქვს. უბრალოდ აუცილებელია, ჩავატაროთ რემონტი ჩვენს სახლში. სხვა შემთხვევაში კედლები ჩამოინგრევა და სახურავი პირდაპირ თავებზე დაგვემხობა», – განაცხადა ინალ არძიმბამ.
პროპაგანდისტული პრორუსული პროექტების "აფხაზეთის მომავალი", "აფხაზეთის სიამაყე" და "კეთილი ნების ელჩები" ავტორი ამბობს, რომ საქართველო ქმნის თანამედროვე ჯარს, მედიცინას, განათლებას.
«დააკვირდით საქართველოს სამხედრო ხარჯებს - ისინი თანმიმდევრულად იზრდება. 2021 წლის ბიუჯეტში ეს უკვე 300 მილიონ დოლარზე მეტია. ეს სერიოზული თანხაა. მთლიანობაში, თავდაცვის ხარჯები მშპ-ის დაახლოებით 2%-ს შეადგენს, ეს კი უკვე ნატო-ს სტანდარტებს შეესაბამება. საქართველო ცდილობს, ეტაპობრივად დაუახლოვდეს ტრანსატლანტიკური ბლოკის წევრობას», – აღნიშნა მან.
არძინბა დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.
«ამასთან დაკავშირებით საქართველოსთვის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში გაწევრიანების შანსები, რა თქმა უნდა, იზრდება. საქართველო, მაღალი ალბათობით, უკრაინაზე ადრე მიიღებს ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმას. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კარგად აცნობიერებს პოსტსაბჭოთა სივრცის გამოყენების აქტუალურობას რუსეთის შეკავების სტრატეგიის რეალიზებისთვის. ამერიკელები აუცილებლად გამოიყენებენ საქართველოსაც და, როგორც სჩვევიათ, უკრაინასაც ამ ამოცანების გადასაჭრელად. ბაიდენი პირადად კურირებდა უკრაინას 2009-2017 წლებში ვიცე-პრეზიდენტობისას. რა გამოვიდა ყველაფერ ამისგან - ყველამ მშვენივრად ვიცით», – განაცხადა არძინბამ.
მოსკოვთან აფხაზეთის ურთიერთობების შესახებ კითხვის საპასუხოდ კი მან აღნიშნა, რომ "ეს ურთიერთობები ემყარება ადამიანური ურთიერთობების, კულტურული, რელიგიური და ენობრივი სიახლოვის მყარ ფუნდამენტს».
«საგარეო პოლიტიკაში აფხაზეთი საერთაშორისო აღიარების, სხვადასხვა მრავალმხრივ ფორმატებში მონაწილეობის გზით მიდის. თუმცა დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებული ადგილი ამ პროცესში ყოველთვის ექნება რუსეთს», – განაცხადა არძინბამ.
ამასთან, მან რუსეთის რეგიონებიდან ინვესტიციების მიზიდვის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.
«შესაძლებელია შეთანხმებების მთელი წყების გაფორმება რუსეთის რეგიონებთან საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. ეს ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკისთვის რეგიონული განზომილების შეძენის შესაძლებლობას მოგვცემს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულება დიდი პოტენციალით - ეს სირიაა», – დასძინა ინალ არძინბამ.
30 წლის ინალ არძინბა სოხუმშია დაბადებული. ის აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის - ვლადისლავ არძინბას ნათესავია. იყო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, 2014–2018 წლებში მუშაობდა რუსეთის "დსთ-ის ქვეყნებთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში", რომელშიც უკრაინის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2018 წელს გახდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან მოქმედი "ახალგაზრდობის საქმეთა კონფესიათაშორისი საზოგადოებრივი საბჭოს" თავმჯდომარე. გასული წლის იანვარში არძინბამ აფხაზეთში ახალი პარტიის შესაძლო შექმნის შესახებ განაცხადა, ხოლო მოგვიანებით გამოაცხადა, რომ "აფხაზეთის პრეზიდენტობის ამბიცია არ აქვს".