"ვთვლით, რომ ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია"

25-02-2021 00:21:14 პოლიტიკა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებლად აფასებს.

„ქართველი სამართალდამცველები თბილისში, ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის სათავო ოფისში შეიჭრნენ და პარტიის ლიდერი ნიკა მელია და ათობით სხვა პირი დააკავეს. პოლიცია იყენებდა ხელკეტებსა და ქიმიურ გამაღიზიანებლებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მიმართ, რომლებიც ცდილობდნენ, პოლიციისთვის დაებლოკათ შენობაში შესასვლელი.

„ამნესტი ინტერნეიშენალის“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი ამასთან დაკავშირებით წერს: „ნიკა მელია და სულ მცირე 20 პირი დააკავეს დღეს დილით ქაოსში. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი ან წიწაკის სპრეი მის დასაკავებლად. გასულ კვირას აპელაცია შეიტანეს სასამართლო დადგენილების წინააღმდეგ ნიკა მელიას წინასწარ დაკავებასთან დაკავშირებით ძალადობის სავარაუდო წახალისებისთვის 2019 წლის ანტისახელისუფლებო პროტესტის დროს. მისი დაკავება, რომ არაფერი ვთქვათ ძალის გამოყენებაზე, აპელაციის განხილვამდე აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების ავტორიტეტისა და მთლიანობის აშკარა უგულვებელყოფას და ვთვლით, რომ დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ „დარბევა 2019 წელს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებისა და დემონსტრანტების მიმართ განურჩეველი ტაქტიკის გამოყენების ფონზე განხორციელდა“.

„საქართველოს ხელისუფლების მცდელობა პასუხისგებაში მისცეს პოლიტიკური ოპონენტები 2019 წლის პროტესტში მათი როლისთვის, პოლიტიკურად მოტივირებული ჩანს და ოპოზიციისა და კრიტიკოსების რეპრესიის სუნი იგრძნობა. ხელისუფლებამ თითოეულისთვის სრულად და ეფექტურად უნდა დაიცვას, პატივი სცეს, წაახალისოს ადამიანის უფლებები“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები