ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
25/02/2021 17:54:08 პოლიტიკა
ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
მათი შეფასებით, ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობისთვის ძირის გამოთხრის რისკს ქმნის.
"ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულ შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო და მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას იმოქმედონ თავშეკავებულად, დეესკალაცია გაუწიონ სიტუაციას და მოძებნონ კონსტრუქციული გადაწყვეტა საქართველოსა და მისი ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ ხაზს ვუსვამთ კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური დიალოგის კრიტიკულ მნიშვნელობას არსებული კრიზისის გადასაჭრელად. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ნიკა მელიას დაკავებით. ეს ქმნის მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობისთვის ძირის გამოთხრის რისკს. გვჯერა საქართველოს, როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს მომავლის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, დააკავშირონ თავიანთი ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან და მიზნად დაისახონ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია. ჩვენ ხაზს ვუსვამთ პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას საგარეო პოლიტიკის ამ ამბიციური მიზნების მისაღწევად", – ნათქვამია განცხადებაში.


