მელიას საქმეში კიდევ ერთი პრეცედენტი გაჩნდა

26-02-2021 16:49:57 სამართალი ,ანალიზი

ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ პროკურატურის მიდგომებში კიდევ ერთი, ახალი პრეცედენტი გაჩნდა: აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს, კვლავ გირაოს, შემდეგ უკვე პატიმრობის მოთხოვნის შემდეგ სახელმწიფო ბრამდენამ ენმ–ის თავმჯდომარეს 25 თებერვლის ბრიფინგზე უჩვეულო წინადადება შესთავაზა, დასტურად, რომ მელიას პატიმრობა პროკურატურის თვითმიზანი არაა:

„დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე“– განაცხადა პროკურორმა.

თავად მელიამ წინადადების მიღებაზე ცალსახა უარი განაცხადა, ადვოკატები კი დაინტერესდნენ, რა სამართლებრივ ჩარჩოში მოქმედებს პროკურატურა. იცნობს თუ არა მსგავს მიდგომას კანონი, კითხვით „აქცენტმა“ ყოფილ მოსამართლეს, თბილისის ყოფილ პროკურორს მაია მწარიაშვილს მიმართა.

„ამ პროცესს სამართალთან საერთო აღარაფერი აქვს“,– ამბობს „აქცენტთან“ მწარიაშვილი.

საქმე იმაშია, რომ ახალი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, მოსამართლის ძველი განჩინება ავტომატურან ანულირდება. კერძოდ, მელიას შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების დროს გაუქმდა მისთვის მოსამართლის მიერ გასული წლის 3 ნოემბერს შეფარდებული გირაო, რომელზეც ბრიფინგზე პროკურორმა მიუთითა. მაშ რა თანხას მოითხოვს პროკურატურა?

„ეს უბრალოდ გამოსავლის პოვნაა. პროკურატურა ცუდ დღეშია: როგორც ჩანს, უთხრეს, მოძებნე გამოსავალიო. ეს პროცესი სამართლერბრივ ჩარჩოში არაა, მსგავს რამეს კანონი არ ითვალსიწინებს: გირაო ანულირებულია და მის ნაცვლად დადგენილია პატიმრობა. ამდენად, ის განჩინება ბუნებაში აღარ არსებობს და მელია ვერაფერს გადაიხდის. „გადაიხადე ძველი და მერე შევალ გირაოთიო“ – ამბობს პროკურატურა. ბანკია? ამ საკითხზე აზე სამართლერბრივი კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.

რა ოდენობის თანხა ან რატომ უნდა გადაიხადოს ბრალდებულმა, გაუგებარია. ამ თანხას ის გირაოს ფორმით ვერ გადაიხდის და ბანკში დეპოზიტზე თუ დაადებინებენ, არ ვიცი. აბსურდთან გვაქვს საქმე“,– ამბობს „აქცენტთან“ მწარიაშვილი.

კიდევ ერთი პრეცედენტი, რომელზეც იურისტები აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების დარღვევის გამო უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების — პატიმრობის ნაცვლად კვლავ გირაო შეფარდება იყო, მით უფრო, რომ მოსამართლემ ყველა დამატებითი შეზღუდვა (ელექტრონული მონიტორინგი, საჯარო გამოსვლის შეზღუდვა) მოხსნა.

“პრაქტიკაში რაღაც ყოველთვის ხდება პირველად. არ აქვს ამას მნიშვნელობა”, – ასე უპასუხა პროკურორმა ია დარჯანიამ ადვოკატების კითხვას იმის შესახებ, ჰქონდათ თუ არა პროკურორებს მათ პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა, ან თუ სმენიათ იმის შესახებ, როდესაც პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების – გირაოს დამძიმების სახით ისევ გირაო მოითხოვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები