"ეს იქნება ერთი საათი, ერთი დღე თუ ერთი თვე, დარწმუნებული ვარ, ნიკა მელია პროკურატურის შეთავაზებით ისარგებლებს"
26/02/2021 12:56:58 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი "დარწმუნებულია, რომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელია პროკურატურის შეთავაზებით ისარგებლებს"
"ეს არაა ვადით განსაზღვრული, როცა გადაიხდის, ეს იქნება ერთი საათი, ერთი დღე თუ ერთი თვე, მაშინ შეეცვლება. დარწმუნებული ვარ, ის ისარგებლებს ამ შეთავაზებით. მიუხედავად სააკაშვილის თუ სხვა ლიდერების კატეგორიული განცხადებებისა, რომ ეს არ მოხდება. რაც შეეხება სააკაშვილს, უკეთესი იქნება თავისი თანაპარტიელების ციხეში გაშვების ნაცვლად, თვითონ ჩამოვიდეს და მოიხადოს ის სასჯელი, რაც მას გამოუტანა სამართლიანმა სასამართლომ", – განაცხადა სუბარმა.
ცნობისთვის: პროკურატურა ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების პირობას აყენებს. კერძოდ, როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, თუ მელია სასამართლოს მიერ დაკისრებულ გირაოს გადაიხდის, რომლის გადაუხდელობის გამოც მას პატიმრობა შეეფარდა, პროკურატურა მზადაა, სასამართლოს მიმართოს.
როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, "ნიკა მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი".
"დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე", - განაცხადა გულუაშვილმა.
მოგვიანებით, აღნიშნულს ნიკა მელიას ადვოკატები გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ პროკურატურის წინადადება "აბსურდულია".


