„ჩვენი სახელმწიფო ასტროლოგებს უფრო უჯერებს, ვიდრე მეცნიერებას. შედეგს აპრილში ვნახავთ!“

26-02-2021 18:28:36 კომენტარი

არაერთგზის დაანონსების მიუხედავად, თებერვლის თვე ისე იწურება, რომ ქვეყანას ვაქცინის არც ერთი დოზა არ მიუღია და ამ მხრივ ქვეყნის პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანია. შესაბამისად, ბუნდოვანია გეგმის ბედი, რომლის მიხედვითაც, წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60% უნდა აიცრას. მაინც რა გახდა რეალური მიზეზი, რატომ ვერ ხერხდება ვაქცინაციის პროცესის დაწყება, ამ და სხვა საკითხებზე „აქცენტი“საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტს, გაერო–ს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრს (EWEC), ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრს, პროფესორ გიორგი ფხაკაძეს ესაუბრა.

მიუწვდომელი ვაქცინაცია

„ვაქცინაცია რთული პროცესია, განსაკუთრებით, როდესაც ამაზე მსოფლიოს მასშტაბით ყველა აქტიურად მუშაობს და ცდილობს, გაიტანოს თავისი ქვეყნის ან რეგიონის ინტერესები. შესაბამისად, შენ თუ ხარ პატარა, არა მდიდარი, პოლიტიკურად არა მნიშვნელოვანი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ამ მოლაპარაკების პროცესში უკანა პლანზე რჩები და სამწუხაროდ, ესეც გამოჩნდა – საქართველო ყველაზე ბოლოა“,– ამბობს ფხაკაძე.

როგორც პროფესორი განმარტავს, კოვაქსის პლატფორმის კონტექსტში, რომლის დახმარებითაც საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას ელის, ვდგავართ ერთი გამოწვევის წინაშე: პლატფორმა გამოყოფს პრიორიტეტულ ქვეყნებს, რომელთაც მეტად უჭირთ და მათ, რომელთაც თვითდაფინანსების გზა არჩიეს. ირკვევა, რომ საქართველო ამ უკანასკნელი ქვეყნების ჩამონათვალშია, განსხვავებით, მაგალითად, უკრაინისა და კიდევ 81 ქვეყნისგან. პლატფორმა ჯამში 180 ქვეყანას აერთიანებს.

„ეს კი ნიშნავს, რომ პრიორიტეტი მათ ენიჭებათ, შემდეგ კი ჯერი მოდის ქვეყნებზე, რომლებიც თვითდაფინანსებას ახორციელებენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ თვითდაფინანსების გზა. საკუთარ თავს ვატყუებთ, თითქოს მდიდრები ვართ. არ ვართ ჩვენ მდიდარი ქვეყანა, არ ვართ ძლიერები არც პოლიტიკურად, არც ეკონომიკურად. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ“.

როგორც პროფესორი გვიყვება, ქვეყნების იმ ჩამონათვალში, რომელთა შორის საქართველოს მოხვდა, გარკვეული ჯგუფებია გამოყოფილი:

„მაგალითად, აფრიკული ქვეყნების ლობირებას აფრიკული კავშირი ახორციელებს, რომელიც აქტიურობს GAVI–სთან. საქართველო ვისთან ერთად ლაპარაკობს? საქართველო 3–მილიონიანი ქვეყანაა. ქარხანაში რომ მიხვიდეთ, 1 მილიარდი და 1 მილიონის დოზის კონტრაქტის გაფორმება სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით იგივე თვის ტკივილია. ჩვენ ეს ვერ გავთვალეთ. ნოემბრიდან უნდა გვემუშავა ჩვენს მეგობრებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან, ევროკავშირთან, სხვა ქვეყნებთან, რათა საქმე ერთად გაგვეკეთებინა, რადგან მარტონი ვერ მოვახერხებდით. ეს კი ნიშნავს, რომ არაპროფესიონალიზმის პრობლემა ბევრი მიმართულებით გვაქვს და ამის შედეგსაც ვიმკით“.

შეზღუდვები იხსნება

ნათელია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ნაზავი ეკონომიკური ინტერესებით, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს არც ეპიდემიოლოგიასთან, არც მედიცინასთან, არც მეცნიერებასთან,– ასე აფასებს პროფესორი მთავრობის მიერ შეზღუდვების მოხსნის თაობაზე დაანონსებულ გეგმას.

მისი თქმით, ეპიდემიის პირობებში ქვეყნის გახსნის მხოლოდ ორი ეფექტური მეთოდი არსებობს: ისრაელის – ახორციელებს ქვეყნის მოსახლეობის 85%–ზე მეტის ვაქცინაციას და ხსნი ქვეყანას. ხოლო მეორეა ჩინური მაგალითი – უმკაცრესი კარანტინი კონტროლით:

„სხვა ეფექტური მეთოდი ჯერ–ჯერობით არ არსებობს. არც ერთმა ექსპერიმენტმა, დაწყებული შვედეთის, დამთავრებული ამერიკის მაგალითით, არც ერთმა იმუშავა“.

პროფესორი ამბობს, რომ შედეგებს „მესამე ტალღის“ სახით აპრილისთვის უნდა ველოდოთ:

„მათემატიკური გათვლებით, აპრილი ყველაზე საშიში თვეა. მე ჯერ კიდევ გასულ წელს ვთქვი, რომ იქნება „სამი ტალღა“. პირველი ტალღა საქართველოს არ გადაუტანია, რადგან ჩაკეტვამ, პატრულმა კარგად იმუშავა, ავცდით იტალიის და ამერიკის სცენარებს, რაც ძალიან კარგია. რაც შეეხება „მეორე ტალღას“, არ მეგონა, რომ ის მოხდებოდა, რაც მოხდა – ზაფხულში სრულიად უკონტროლოდ ვიყავით და ნოემბერში შედეგად დღეში 6 000–მდე ინფიცირებული მივიღეთ. ასეთი პატარა ქვეყნისთვის ეს აბსურდია. „მესამე ტალღა“ კალკულაციით, აპრილში იქნება. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თავი არ დავიცვათ. როდესაც იცი, რომ ვირუსს ციკლურობა ახასიათებს, იცი, რომ შესაძლოა, იფეთქოს, უნდა მოემზადო. ვსაუბრობთ მეცნიერებაზე და არა გართობაზე: მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ პირბადე, დავიცვათ რეგულაციები. ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანა მობილიზებული იყოს, ზოგიერთი ასტროლოგი ტელევიზიებით აბსურდს საუბრობს და ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ მათ სიტყვების უკან წაღება მოსთხოვოს, მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს, რაც ორი დღის წინ მიიღო. ანუ ჩვენი სახელმწიფო ასტროლოგებს უფრო უჯერებს, ვიდრე მეცნიერებას. შედეგს კი აპრილში ვნახავთ“.

ახალი შტამები

„ახალ შტამებთან დაკავშირებით მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ვიცით, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღმდეგ არ მუშაობს – 20%–იც არ არის ეფექტურობა. ბრიტანულთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს კვლევა – დაახლოებით, 30%–იან ეფექტურობაზეა საუბარი, თუმცა საბოლოო მონაცემები არ გვაქვს.არ დაგვავიწყდეს, რომ გვაქვს ბრაზილიური, კალიფორნიული შტამები – შტამების კოლექცია. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალია, გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადე, დავიცვათ 2–მეტრიანი დისტანცია და ჰიგიენა!

თუ ქვეყანა შეძლებს, შემოიტანოს ვაქცინა, ძალიან კარგი იქნება. უნდა განხორციელდეს მოსახლეობის 85%–ის ვაქცინაცია და არა 60%–ის – ამას აზრი არ აქვს. ხოლო ალტერნატივა იმგვარი მუშაობაა, როგორც ეს ჩინეთმა გააკეთა. სხვა გზა არ არსებობს! თუ ისე გავაგრძელებთ,როგორც ახლა, ყოველ სამ თვეში გავიხსნებით და დავიკეტებით. ვირუსთან თამაშ–თამაშში კი ბოლომდე გავანადგურებთ ჩვენს ეკონომიკას, ჯანმრთელობას, ფსიქიკას!“,– ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები