გიტანას ნაუსედა: „მზად ვართ, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად შუამავლის როლი შევასრულოთ“
26/02/2021 19:08:48 პოლიტიკა
ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ევროპის საბჭოში გამართულ შეხვედრაზე აღმოსავლეთ პარტნიორობს ქვეყნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ქვეყნებს ევროკავშირის ინსტიტუტებიდან საკმარისი ყურადღება არ ექცევათ.
ამასთან, მან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ლიეტუვა მზადაა, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად შუამავლის როლი შეასრულოს.
„ლიეტუვა ნამდვილად ენთუზიაზმით უჭერს მხარს აქტიურ სამეზობლო პოლიტიკის, როგორც სამხრეთ მეზობელ ქვეყნებთან, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, როლებიც ყველა თვალსაზრისით ჩვენთან ძალიან ახლოს არიან. სწორედ ამიტომ, სამხრეთ მეზობლების საკითხთან ერთად, მე წამოვჭერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საკითხიც, რადგან ამ ქვეყნებს ევროკავშირის ინსტიტუტებიდან არასაკმარისი ყურადღება ექცევათ და მისასალმებელია, რომ ამ მოლოდინების საპასუხოდ, შარლ მიშელი მომდევნო კვირაში ამ სამ ასოცირებულ ქვეყანაში გეგმავს ჩასვლას, რათა განიხილოს არა მხოლოდ მათი რეფორმები, არამედ პოლიტიკური დეესკალაციის შესაძლებლობები ამ სამი ქვეყნიდან ერთ-ერთში, საქართველოში. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში შუამავლის როლი შევასრულოთ“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
ნაუსედამ ხაზი გაუსვა, რომ ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციას ადეკვატური და დაბალანსებული პასუხი სჭირდება.
მისი თქმით, რეგიონში რუსეთის აგრესიული პოზა გრძელდება და ის გავლენას ახდენს პოლიტიკურ სტაბილურობაზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
ნაუსედამ აღნიშნა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს ევროკავშირის ამბიციურ მიზნებს მთელ სამეზობლოში, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.


