შარლ მიშელი – საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებლებს: „მარტო არ ხართ“
01/03/2021 10:29:25 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან – ხურვალეთში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან და ევორკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც შარლ მიშელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მისთვის მნიშვნელოვანი იყო, თავად ენახა საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებელთა ყოფა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ევროპასა და საქართველოს შორის კავშირის გაძლიერება და რეფორმების განხორციელება, რომელიც არა ევროპას, არამედ საქართველოს მოსახლეობას სჭირდება. ამ კონტექსტში მან კანონის უზენაესობა, კორუფციასთან ბრძოლა, ეკონომიკური პროგრამები ახსენა.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, არსებული ვითარება თავად მენახა. სწორედ ამიტომ ვარ აქ. ევროპული საბჭო საქართველოს სუვერენიტეტის ერთგულია, ტერიტორიული მთლიანობის. ასევე უნდა აღვნიშნოთ მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ევროპული მონიტორინგის მისია ასრულებს, რათა, რამდენადაც შესაძლებელია, შენარჩუნდეს სტაბილურობა, გადაიდგეს ნაბიჯები ნდობის აღდგენასთან დაკავშიერებით. ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის სიტუაცია ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, მეთქვა ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, რომ მარტო არ არიან. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირი გაძლიერდეს და შესრულდეს ის რეფორმები, რომელიც საჭიროა არა ევროპისთვის, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვის: კანონის უზენაესობა, ბრძოლა კორუფციასთან, ეკონომიკური პროგრამები. დღეს ჩემი აქ ვიზიტი კიდევ ერთი საშუალებაა, გამოვხატოთ ევროპის მხარდაჭერა სტაბლურობასა და უსაფრთხოებისადმი. ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტისა ტერიტორიული მთლიანობის ერთგულნი“.


